ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი გიორგიწმინდა ქალაქიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, სოფელში 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დასახლება ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ შეშის ღუმელების გამოყენება უწევთ. ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, შეშა სოფლის მოსახლეობისთვის გათბობისა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების ძირითადი საშუალებაა.

გიორგიწმინდაში მცხოვრებლების თქმით, სოფლის გაზიფიცირების შესახებ დაპირებები წლების განმავლობაში არაერთხელ გაიცა, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

სოფლის გაზიფიცირების პერსპექტივების შესახებ ადგილობრივმა მედიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ვარლამ წიკლაურს მიმართა. პარალელურად, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაკავშირება სცადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროგრამებზეა პასუხისმგებელი. თუმცა უწყებიდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ადგილობრივმა მედიამ კითხვებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიასაც მიმართა. კომპანიაში განმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხების გაცემა მხოლოდ წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეეძლოთ. შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ოთხი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ქსელის გაფართოება 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იგეგმება. თუმცა პროგრამაში არ არის მითითებული კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი და არც ის ვადები, რა პერიოდში უნდა განხორციელდეს თითოეული პროექტი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის ბუნებრივი აირი საქართველოს მოსახლეობის 93%-ისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. რამდენად შესრულდა ეს მიზანი, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით საჯარო ინფორმაცია შესაბამის უწყებაში ჯერ კიდევ 27 მარტს იქნა მოთხოვნილი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული.

ადგილობრივი მედია საკითხზე მუშაობას აგრძელებს და გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებს.

წყარო: Tok2Region