მიკრო ბანკები და ციფრული ბანკები დღეს აქტიურად იმკვიდრებენ თავს საბანკო სისტემაში, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს საბანკო სისტემა 19 დაწესებულებას აერთიანებს, მათ შორის 14 უნივერსალურ კომერციულ ბანკს, ორ მიკრობანკსა და სამ ციფრულ ბანკს. მისი თქმით, მიკრობანკები და ციფრული ბანკები ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეები არიან და აქტიურად იმკვიდრებენ ადგილს საბანკო სექტორში.

„მიკრო და ციფრული ბანკები სრულიად ახალი მიმართულებაა - ეს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინანდელი სიახლეა და რეალურად, ეს ფინანსური ინსტიტუტები დღეს აქტიურად იმკვიდრებენ თავს საბანკო სისტემაში. სიახლეები შემოაქვთ, თუმცა ტემპი ცოტა შეიძლება სასურველზე ნელი იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამავე დროს, რომ ბაზრის ლიდერი საბანკო დაწესებულებები ასევე ძალიან სწრაფები და მოქნილები არიან.

აქ მინდა გავიხსენო ბატონ არჩილ გაჩეჩილაძის სიტყვები, როდესაც საქართველოს ბანკის ჯგუფი ბრიტანულ საფონდო ინდექსში - FTSE 100-ში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის 100  უმსხვილეს გიგანტს შორის მოხვდა. როდესაც იკითხეს, თუ ვინ იყვნენ ისინი და რამდენად გრძელვადიანი იქნებოდა მათი ადგილი ამ ასეულში, ერთ-ერთ ინვესტორს უპასუხია, რომ ეს ჯგუფი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა. მისი არგუმენტი მარტივი იყო, მაშინ, როდესაც ბრიტანეთში კომპანიების საშუალო ზრდის მაჩვენებელი სულ რაღაც 2-3%-ია, საქართველოს ბანკის ჯგუფს 15-16%-იანი ზრდა აქვს, რაც მათ კიდევ უფრო მეტი განვითარების გარანტიას აძლევს.

მე მინდა წარმატებები ვუსურვო ნებისმიერ ქართულ ბანკს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზისკენ იყურებიან. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ საქართველომ საკუთარი პოტენციალი უკვე სრულად ამოწურა, თუმცა, როდესაც რეგიონულ ექსპანსიაზე ვსაუბრობთ, ამის საუკეთესო მაგალითია თიბისი ბანკის საქმიანობა უზბეკეთში; ასევე 'საქართველოს ბანკი', რომელიც ახლახან სომხეთის ბაზარზეც გავიდა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს რეგიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და მათი წარმომადგენლობები სხვადასხვა პერიოდში უკრაინაში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა თუ რუსეთშიც ოპერირებდნენ.

ამავდროულად, როდესაც საბანკო სისტემის ჯამურ აქტივებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონის მასშტაბებს შევედაროთ. აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ჩვენი ჯამური აქტივები აზერბაიჯანისას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით აღემატება, ხოლო სომხეთის მთლიან საბანკო ბაზარს - დაახლოებით 4-5 მილიარდი დოლარით ვუსწრებთ“, - აღნიშნა დავით რუსიამ.

სარეიტინგო კომპანიები საქართველოს მხოლოდ ცალკე ქვეყნად კი არა, მთლიან რეგიონულ კონტექსტში განიხილავენ და, როგორც დავით რუსია აცხადებს, ამ შეფასებებში საქართველო ბოლო პერიოდში პოზიციურად დაწინაურდა. მისი თქმით, ერთ-ერთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველო მეშვიდე კალათაში გადავიდა, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ძირითადად მერვე კალათაში რჩებიან, რაც დადებით ტენდენციად ფასდება.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 10 000 დოლარს გადააჭარბა, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წლის წინ შორეულ მიზნად ითვლებოდა, ხოლო დღეს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიაპაზონშია.

„მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე 10 000-დოლარიანი ნიშნული, რომელზეც დაახლოებით 5-10 წლის წინ მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში თუ ვისაუბრებდით, დღეს უკვე რეალობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორია 4 000-დან 14 000 დოლარამდე განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ჯგუფის ქვედა ზღვარს დიდი ხანია დავშორდით, სულ ახლახან გადავაბიჯეთ 10 000-დოლარიან ბარიერს და ახლა უკვე ზედა ნიშნულისკენ - 14 000 დოლარისკენ მივისწრაფვით. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორ-სამ წელიწადში ამ მაჩვენებელსაც მივაღწევთ. ამ ნიშნულის დაძლევით საქართველო დაუახლოვდება აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი და ესტონეთი, რომელთაც ეს ეტაპი უკვე გაიარეს და დღეს მაღალშემოსავლიან სახელმწიფოთა რიგებში ირიცხებიან“. - ამბობს დავით რუსიშვილი. 

www.businessinsider.ge