საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების რაოდენობა 2025 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ შემცირდა - გასულ წელს ბირჟაზე მხოლოდ 9 გარიგება დაიდო და ყველა მათგანი „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდებოდა.
რა მდგომარეობაშია საქართველოს საფონდო ბირჟა, ზოგადად, აქვს თუ არა ქვეყანას ეს ინსტიტუტი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მიმართულების განვითარება მოხერხდეს, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, თეიმურაზ ზაქრაძემ ისაუბრა:
- უამრავი პოლიტიკა გვინახავს აქამდეც, რომელიც თითქოს ორიენტირებული იყო საფონდო ბირჟის განვითარებაზე, იყო კერძო ინიციატივები, ჩართულობა, სხვადასხვა ტიპის პროგრამები, გაიდლაინები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთი სურათის მომსწრეები ვართ. რატომ არის ჩვენი საფონდო ბირჟა ამ დღეში?
- მარტივი და ამასთან ერთად, რთული თემაა. სინამდვილეში, საფონდო ბირჟის მოქმედება არის იმ პოლიტიკური წყობილების ფუნდამენტი, რომელიც გვაქვს. თუ ბირჟა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი არ არის, იქ კარგი არაფერი ხდება. როცა ბირჟა დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობს, ქვეყანა, ეკონომიკა ვითარდება.
ჩვენი ბირჟის კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე ცოტა მეტია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ყველაზე მცირე მოსახლეობის ქვეყანას, ისლანდიას, რომელიც ერთი გლდანის დასახლების ტოლია, ბირჟის კაპიტალიზაცია აქვს 22 მილიარდი დოლარი. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს, ან არ შეგვიძლია, ძალები არ გვაქვს, უბრალოდ, ქვეყანაში ვაჭრობის თავისუფლება არ არსებობს. საფონდო რეგულაციებს აწარმოებს ეროვნული ბანკი, რაც იგივეა, რომ ცხვრის ფარის მწყემსად მგლები დანიშნო.
- ეს რეგულაციებია პრობლემა კომპანიებისთვის?
- დიახ, ამ რეგულაციების შედეგად საბანკო სისტემა არავითარ შემთხვევაში არ არის დაინტერესებული საფონდო ბაზრის განვითარებით.
- რა რეგულაციებს გულისხმობთ?
- ნებისმიერ რეგულაციას. მთავარი კრუპიე ბაზარზე არის ბანკი. ბანკს არ აინტერესებს, რომ თქვენ გახდეთ მდიდარი. იქ რამდენიმე კომპანიაა სულ დარეგისტრირებული, შინაურულად აკეთებენ გაცვლა-გამოცვლას და არც ერთი ჭკუათმყოფელი ასეთ ბაზარზე არ მივა. გარდა ამისა, ჩვენ ამის ძალიან მწირი გამოცდილებაც გვაქვს - ბირჟაზე მოსახვედრად მაღალი მატერიალური ცენზია დაწესებული, წესებს საბანკო სისტემა კარნახობს. ამდენად, არავითარ შემთხვევაში, ამ ვითარებაში, როცა დამოუკიდებელი მარეგულირებელი არ არსებობს - ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც გაუქმებულია და რომელიც უნდა იყოს საფონდო ბაზრის დამოუკიდებელი მარეგულირებელი, არ არის, არ არსებობს. ადამიანის ორგანიზმს რომ შევადაროთ, საფონდო ბაზარი ასრულებს ღვიძლის ფუნქციას, საბანკო სისტემა - სისხლძარღვების სისტემაა. თუ ღვიძლი არ მუშაობს და გაჭედილია, სისხლი იწამლება და საბოლოო ჯამში, ეკონომიკა არის მკვდარი.
- „კომერსანტი“ ამ თემაზე აქტიურად მუშაობს და მახსოვს მოსაზრება, რომ საფონდო ბირჟა შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს და ჩვენმა კომპანიებმა სამეზობლოში, სხვა ქვეყნებში დაიწყონ „დალისტვები“. ეს აზრი თქვენთვის რამდენად მისაღებია?
- ეს არის მავნებლობა. ეს არის ოლიგარქიული სისტემა, რომელიც სასტიკად ვერ იტანს ბაზრის თავისუფლებას და არც გვაქვს. ზვიად გამსახურდიამ პირველმა გახსნა საფონდო სასაქონლო ბირჟა, დაამხვეს. შევარდნაძე ეკეკლუცებოდა ბალცეროვიჩს, ვითომ აპირებდა საფონდო ბაზრის განვითარებას, არადა, ბალცეროვიჩი პოლონეთის საბაზრო ეკონომიკის მამაა და ვარშავის დღევანდელი ბირჟის კაპიტალიზაცია 250 მილიარდი დოლარია, ხოლო პოლონეთის მშპ - ტრილიონი. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდა პოლონეთი საბჭოეთის სიკვდილიდან 2 თვეში გახსნილი ბირჟის შემდეგ? ესე იგი ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც ეწინააღმდეგება საფონდო ბაზრის თავისუფლებას, საბაზრო ეკონომიკას და შესაბამისად, რაც არ უნდა ვიყვიროთ, რა ეშველება, რა ვქნათ, არაფერი ეშველება, სანამ წყობილება არ შეიცვლება და დეოლიგარქიზაცია არ მოხდება. სხვა ვარიანტი არ არსებობს.
- თავისუფალი რომ იყოს საფონდო ბირჟა, თქვენი დაკვირვებით, ჩვენს კომპანიებს აქვთ იმის შესაძლებლობა და რესურსი, გაააქტიურონ საფონდო ბირჟა?
- კომპანიებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა და რესურსი, გაააქტიურონ საფონდო ბირჟა, ეს უნდა იყოს კანონმდებლობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება: უნდა აღდგეს ფასიანი ქაღალდების კომისია, ბანკებს უნდა აეკრძალოთ კომერციული საქმიანობა და კომპანიების ქონის უფლება, უნდა აეკრძალოთ ბირჟების დაარსებაში მონაწილეობის უფლება და როცა რეგულატორი აღდგება, ქართულმა კომპანიებმა უნდა დააარსონ საფონდო ბირჟა, სასაქონლო ბირჟა, სავალუტო ბირჟა. საერთოდაც, საქართველოს უმაღლესი დონის ღვინის ბირჟა უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს კაპიტალის თავისუფლება, დამოუკიდებლობა სახელმწიფოს გავლენებისგან. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორი და ფასიანი ქაღალდების კომისია, როგორც ბირჟების რეგულატორი, უნდა იყვნენ ერთმანეთისგან და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი.
- და ფასიანი ქაღალდების კომისია თავად კომპანიებმა უნდა შექმნან?
- არა, ფასიანი ქაღალდების კომისიას ქმნის სახელმწიფო, პარლამენტი, ამტკიცებს ჯერ კანონს, კომისიის თავმჯდომარის სტატუსს და შემდეგ უკვე კომისიის თავმჯდომარე დამოუკიდებლად მოქმედებს. სისხლის მიმოქცევა არ უნდა შეაჩერო, ბუნებრივად უნდა მოძრაობდეს და ასე არის საბაზრო ეკონომიკაც. საბანკო სისტემაც თავისუფალი უნდა იყოს და საფონდო ბაზარიც თავისუფალი უნდა იყოს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება განვითარება. ხალხი ძალიან სწრაფად ისწავლის ამ ყველაფერს. ასეთი მონაცემები მახსოვს, ტოტალიზატორებში ქართველები ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდს ხარჯავენ. წარმოვიდგინოთ ძალიან მარტივი სიტუაცია, რომ ნახევარი წავა ბირჟების აქციებში დაბანდებაში, მომენტალურად ისწავლის ხალხი, რას ნიშნავს საბაზრო ეკონომიკა, გამდიდრდებიან, დივიდენდებს მიიღებენ. ბიზნესებს ექნებათ შანსი, მარტო კრედიტი კი არ აიღონ ბანკიდან, არამედ საფონდო ბაზარზე აქციების ნაწილი გაყიდონ და ის კაპიტალი მიიღონ, რაც ბიზნესის განვითარებისთვის სჭირდებათ. საფერმერო მეურნეობები ყველა უნდა იყოს ბირჟების მონაწილე და საერთოდ პრობლემა აღარ ექნებათ, სად გაყიდონ თავიანთი მოსავალი. ახლა კი, როცა ბაზრის, ვაჭრობის თავისუფლება არ არის, მოსავლის გაყიდვის არანაირი შანსი არ არსებობს, ვიღაცას უნდა „ეღრიჯო“, „კრიშას“ უნდა ფული უხადო და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთი მანკიერი ეკონომიკური სისტემა გვაქვს, რასაც მე ეკონომიკას საერთოდ არ ვუწოდებ.
ეკონომიკა იზომება საბირჟო ინდექსებით: დოუ ჯონსის უძველესი ინდექსი არის ამერიკის ეკონომიკის მაჩვენებელი, თერმომეტრი, ის ზომავს, როგორ ვითარდება ეკონომიკა. ინდექსები თუ არ მოქმედებს ქვეყანაში, საბირჟო სისტემა თუ არ მოქმედებს, ლიკვიდურობისა და კაპიტალიზაციის თემები თუ არ არსებობს, იქ განვითარებაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ტენდერებში რომ იღებს მონაწილეობას გუშინ დარეგისტრირებული კომპანია, ასეთი რამ საბაზრო ეკონომიკაში არ ხდება. მილიონიან ტენდერში რომ მიიღოს მონაწილეობა, 8-10 მილიონი რეზერვი უნდა ჰქონდეს კომპანიას, რომ თუ რამე მოხდა, თავისი კაპიტალით აგოს პასუხი. გუშინ დარეგისტრირებული კომპანია კი, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, მოიგებს მილიონიან ტენდერს, უყოფს ვიღაცას, ვინც საჭიროა, შემდეგ ქრება და მორჩა - პასუხს არავინ აგებს. საბაზრო ეკონომიკაში ასე არ ხდება, საბაზრო ეკონომიკაში ყველაფერი უმკაცრესად რეგულირდება, სპეკულაციის შანსები ბირჟაზე მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინმე რომ არ დაზარალდეს. მოკლედ, უამრავი წესია საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ბირჟა თუ დამოუკიდებელი არ იქნა, ეს ყველაფერი არ მუშაობს და არც არასდროს იმუშავებს.
