სამთო კურორტებზე არსებული არაერთი პრობლემის შესახებ კერძო სექტორი კვლავ საუბრობს - „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არასათანადო კონტროლმა გუდაურს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მათ შორის, სასტუმროები იძულებული გახდნენ, ტურისტებისთვის თანხები დაებრუნებინათ.
„არ მახსენდება ბოლო 8 წლის მანძილზე, ახალ წელს ასეთი კარგი თოვლი გვქონოდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად შემოგვიტრიალდა. 1-ელ იანვარს რომ ჩაიკეტა გზა, პირველი შემთხვევა კი არ არის, უბრალოდ, საახალწლოდ მოხდა პირველად, თორემ სულ იკეტება იანვარშიც და თებერვალშიც. წლების მანძილზე გვაქვს ეს პრობლემა და სულ ვამბობ, რომ მარტივია, 24 დღის თუ არა, 7 დღის პროგნოზი მაინც ნახო და როცა ხედავ, რომ 3-4 დღე ზედიზედ თოვს, შესაბამისი ზომები მიიღოს, ვისაც ეხება. გარდა ამისა, პოლიციის გამშვებმა პუნქტმა, რომელიც მლეთასთან მდებარეობს, არ გამოუშვას ის მანქანები, რომელთაც შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ. პირველად გზა გაჭედეს იმ მძღოლებმა, რომლებიც არასათანადო საბურავებით მოძრაობდნენ და მოსრიალდნენ. ამას დაემატა თოვლი და ის, რომ ადგილზე შესაბამისი ტექნიკა არ იყო მობილიზებული, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით, თოვლი უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ საცობმა გუდაურში გადაადგილების პრობლემები შექმნა, უცხოელი ტურისტების ნაწილმა კურორტის დატოვება ვერ შეძლო და შესაბამისად, ფრენებს ვერ მიუსწრო.
„ტურისტები, რომლებსაც ფრენები ჰქონდათ, მაგრამ ვერ წავიდნენ, დარჩნენ ჩვენთან. შედეგად, სასტუმროებმა ახალი ნაკადი ვეღარ მიიღეს. იმის გამო, რომ ზამთარი 3-4 თვიანია და გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული ზამთრის კურორტის არსებობა და გადარჩენაც, მაქსიმალურად ვცდილობთ, არც ერთი თეთრი არ დაგვეკარგოს. აქედან გამომდინარე, ყველას გვაქვს „უკან დაუბრუნებელი თანხის“ ფუნქცია ჩართული, ერთადერთი ფორსმაჟორული სიტუაციაა, როცა თანხას ვაბრუნებთ და ზუსტად ეს ფორსმაჟორული სიტუაცია დაფიქსირდა და როცა საშუალო გასაყიდი ფასი იმ პერიოდზე 600-650 ლარი იყო, თანხების უკან დაბრუნება მოგვიწია. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, იმიჯზე ძალიან ცუდად გვირტყამს“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
მაია მურაჩაშვილი მიიჩნევს, რომ საცობების შემცირება იმ პირობის შესრულების შედეგად შეიძლება, რომელიც კერძო სექტორმა სახელმწიფოსგან მიიღო - დაახლოებით 2 წლის წინ ითქვა, რომ გუდაურის შესასვლელში დიდი პარკინგი მოეწყობა და თავად კურორტზე გადაადგილებას ტურისტები შატლების მეშვეობით შეძლებდნენ, თუმცა, ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა.