ქვები სათხილამურო ტრასებზე, დაგროვილი ნაგავი, რეანიმობილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებაზე ვერ მიდის - საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტზე არსებულ პროებლემებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ტურისტებისგან გუდაურის მისამართით ძალიან ბევრი უარყოფითი შეფასება და უკუკავშირი მოისმინა, რაც კურორტის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს.
„ძალიან ბევრი სტუმარი მოდის და ამბობს, რომ ქვების გამო ვერ სრიალებენ. სამთო-სათხილამურო კურორტი რომ აქვს ქვეყანას, ქვებისგან რომ უნდა გაწმინდო, ხომ ელემენტარულია?! გაუფუჭდება რეპუტაცია, აღარ იქნება შემომსვლელი ტურისტი. ძალიან ბევრი ცუდი შეფასება და უკუკავშირი იყო.
ახალი გუდაურის შესასვლელში არის ყველა კაფე, რესტორანი, ყველაფერი იქით არის. ტროტუარები არ არისო, კერძო სექტორი რომ ვყვირით, გააკეთეს ტროტუარები, მაგრამ გზის ხარჯზე - ზაფხულში ორი მანქანა ეტევა, მაგრამ ზამთარში, როცა თოვლი მოდის, მხოლოდ ერთი გზაღა რჩება. ეს საცობები ჩადის გუდაურის ბოლომდე. ამას ემატება ტრაილერები. ერთი რეანიმობილი გვყავს და ახალ გუდაურში რომ შევიდეს, 3 საათი უნდა“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ნაგვის გატანა შესაბამისმა სამსახურმა მხოლოდ 1-ელ იანვარს შეძლო, 6 იანვრამდე კი ნარჩენები არავის გაუტანია.
„დროდადრო რომ შუქი ქრება და ყველას ალტერნატიული საშუალებები გვაქვს, ეს პრობლემა არ არის. ინტერნეტის პრობლემაა, რაც კერძო კომპანიის საკითხია და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ალტერნატიული გზა, თუ არ მოგვწონს მათი მომსახურება, მაგრამ ნაგვის პრობლემა ხომ ნამდვილად იყო? მხოლოდ 1-ელ იანვარს მოესწრო ნაგვის გატანა და შემდეგ 6 იანვრამდე ნაგავი არავის გაუტანია“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.