საქართველოს მთავრობამ "ინტერ რაოსთვის" საერთაშორისო არბიტრაჟში დაკისრებული თანხის გადახდა დაიწყო. საუბარია 139 მილიონ დოლარზე, რომელსაც ქვეყანა 2028 წლის 10 ივლისამდე დაფარავს.
პირველი გადარიცხვა 31 დეკემბერს უკვე განხორციელდა.
კომპენსაციის მომსახურების თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინტერ რაოს შორის უკვე შედგა. საქმე ეხება 2 პარალელურ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც საქართველომ "ინტერ რაოსთან" წააგო და რომელიც წლების წინ დაწყებულ სატარიფო დავას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების დაბრუნების პროცესი. ახლა კი, ქვეყანა საერთაშორისო არბიტრაჟებში სწორედ ამის საფასურს იხდის.
მათივე თქმით, "ინტერ-რაოსთვის" გადასახდელი კომპენსაცია, ფაქტობრივად, ნულოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე.