გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარულნი ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულნი ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათაშორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს.
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არის ნამდვილად სამაგალითო და ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.
დასასრულს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მინდა, გადავუხადო მადლობა მისი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.