უგანდის ტროპიკული ტყეების სიღრმეში, მეცნიერებმა იხილეს, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს შიმპანზეების (Pan troglodytes) უდიდესი ჯგუფის წევრები, თითქოს ისინი „სამოქალაქო ომში“ იყვნენ ჩართული.
ეს სასიკვდილო კონფლიქტი გარეული შიმპანზეების თემის სასტიკი გახლეჩის პირველი ნათელი მაგალითია, რომელიც ორ მეომარ ჯგუფად დაიყო.
მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში უყურებდნენ ველურ პრიმატებს, რომლებიც ერთ დროს ერთად ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, ბეწვს ისუფთავებდნენ, პატრულირებდნენ, მაგრამ თანდათან, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, სამკვდრო-სასიცოცხლო მეტოქეები გახდნენ.
როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი უახლოესი ნათესავები, ეს შიმპანზეები და მათი სოციალური ურთიერთქმედებები შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენს საზოგადოებებში „ომისა“ და „მშვიდობის“ ევოლუციური ფესვების უკეთ გაგებაში.
„ცდუნებაა, რომ დღეს ადამიანებში არსებული პოლარიზაცია და ომი ეთნიკურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ დაყოფას მივაწეროთ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგი აარონ სანდელი ხელმძღვანელობდა.
თუმცა, ამ პრიმატებს ერთმანეთთან ბრძოლისთვის იგივე მიზეზები არ აქვთ. როგორც ჩანს, სოციალური ურთიერთობების ცვლილებამ შეიძლება განხეთქილება გამოიწვიოს ერთი და იმავე კულტურის პრიმატებს შორის.
„ეს კვლევა ხელს უწყობს ადამიანთა კოლექტიური ძალადობის ამჟამინდელი მოდელების გადაფასებას“, — წერენ მკვლევრები.
მტკიცებულებები მკვლევრების თითქმის 30-წლიანი დაკვირვებებიდან აქვთ მიღებული, რასაც წვლილი შეაქვს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დებატების გადაჭრაში. 1970-იან წლებში, პრიმატოლოგმა ჯეინ გუდოლმა შენიშნა, რომ ტანზანიაში, შიმპანზეების საზოგადოება ორ მეტოქე ჯგუფად გაიყო, რამაც ოთხწლიანი სასიკვდილო ბრძოლა გამოიწვია.
ეს ამბავი მსოფლიოს მოედო, როგორც ადამიანებს მიღმა „ომის“ შოკისმომგვრელი მაგალითი, მაგრამ დეტალები მწირი იყო და ზოგიერთი კრიტიკოსი მას შემდეგ ამტკიცებდა, რომ ბრძოლები მხოლოდ გუდოლის კვლევის დროს მიწოდებული საკვების წყაროების გამო ხდებოდა.
შიმპანზეებს შეუძლიათ, საზარელი მკვლელები იყვნენ; ცნობილია, რომ ველურ ბუნებაში ისინი სხვა მეზობელ ჯგუფებს ესხმიან თავს, შესაძლოა თავდაცვისთვის ან საკუთარი ტერიტორიის გასაფართოებლად ან რესურსების დასაუფლებლად. თუმცა, ნაკლებად იყო ცნობილი, ერთვებიან თუ არა ერთი და იგივე კულტურული ჯგუფის შიმპანზეები სამოქალაქო „ომში“.
მაგალითად, შიმპანზეების გენები მიუთითებს, რომ ჯგუფებს შორის მუდმივი განხეთქილება უკიდურესად იშვიათია და ეს მოვლენა დაახლოებით ყოველ 500 წელიწადში ერთხელ ხდება.
უგანდაში დაფიქსირებული ეს მაგალითი შეიძლება ერთ-ერთი ასეთი იშვიათობა იყოს. ჯერ კიდევ 1995 წელს, დასავლეთ უგანდაში, კიბალეს ეროვნულ პარკში ნგოგოს შიმპანზეები ერთ დიდ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
ამის შემდეგ, 2015 წელს, ახალი ალფა მამრის „კურთხევისთანავე“, პრიმატოლოგებმა რაღაც აუხსნელი ცვლილება შენიშნეს.
ერთსა და იმავე თემში, შიმპანზეების ორმა ჯგუფმა დაიწყო ჩამოყალიბება; შეჯვარება მხოლოდ ერთი და იმავე თემის მამრებსა და მდედრებს შორის ხდებოდა.
„ჩვენი პირველი ქცევითი დაკვირვებები მიუთითებდა განხეთქილებაზე, რომელიც 2015 წლის 24 ივნისს მოხდა, როცა დასავლეთის და ცენტრალური ჯგუფის წევრები მათი ტერიტორიის ცენტრის სიახლოვეს ერთმანეთს მიუახლოვდნენ“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, ტიპური დაშლა-შერწყმის მეთოდით გაერთიანების ნაცვლად, დასავლეთის ჯგუფის შიმპანზეები გაიქცნენ და ცენტრალური ჯგუფის შიმპანზეები მათ დაედევნენ. ამას მოჰყვა ერთმანეთისგან თავის არიდების 6-კვირიანი პერიოდი. მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი თავის არიდების პერიოდი იქამდე დაფიქსირებული არ იყო.
ის, რაც ერთ დროს ნგოგოს შიმპანზეების თემის ცენტრი იყო, საზღვარი გახდა, რომელზეც ორივე მხრიდან პატრულირებდნენ მამრები. შემდეგ, 2017 წელს, სოციალურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
დასავლეთის ჯგუფი ცენტრალურზე გაცილებით პატარა იყო, მაგრამ ყველა თავდასხმას სწორედ ის იწყებდა. ამავე წელს, დასავლელმა შიმპანზეებმა იბრძოლეს და მძიმედ დაჭრეს უფრო დიდი ცენტრალური ჯგუფის ალფა მამრი.
2018 წლისთვის, ამ ორ ჯგუფს შორის განხეთქილება უკვე მუდმივი იყო სოციალური, სივრცითი და რეპროდუქციული თვალსაზრისით. მდედრები და ნაშიერები ერთი და იმავე ლეღვის ხიდანაც კი აღარ იკვებებოდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წელს, აგრესია ჩვილებზე გადავიდა. მკვლევრები დააკვირდნენ, როგორ მოიტაცეს და მოკლეს დასავლელმა შიმპანზეებმა ცენტრალური ჯგუფის 14 ჩვილი.
2018-2024 წლებს შორის, დასავლელი შიმპანზეები წელიწადში საშუალოდ ერთ ზრდასრულ მამრს და ორ ჩვილს კლავდნენ.
ავტორების განცხადებით, მკვლელობის ასეთი მაჩვენებლები გაცილებით აღემატება შიმპანზეებში ჯგუფთაშორისი აგრესიის შეფასებულ მაჩვენებლებს და შესაძლოა, ამაზე მეტიც ყოფილიყო.
წლების განმავლობაში, უცნობი მიზეზების გამო მოკვდა ნგოგოს ცენტრალური ჯგუფის 12-ზე მეტი შიმპანზე. ხშირად, ეს ერთი შეხედვით ჯანმრთელი პრიმატები უბრალოდ ქრებოდნენ, მათი გვამები კი მკვლევრებს არასოდეს უპოვიათ. ძლიერ შესაძლებელია, რომ ისინიც დასავლელმა „აჯანყებულებმა“ მოკლეს.
„ნგოგოს შიმპანზეების ჯგუფში თითქმის 200 ინდივიდი შედიოდა, მათ შორის 30-ზე მეტი ზრდასრული მამრი და ის სხვა შიმპანზეების ჯგუფებს აღემატებოდა, რაც პოტენციურად ართულებდა ურთიერთობების შენარჩუნების უნარს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ალფა მამრის ცვლილება ვერ ხსნის ნგოგოს ჯგუფის გაყოფას, ამან შეიძლება უფრო გაამწვავა დაძაბულობა ორ ჯგუფს შორის“, — წერენ მკვლევრები.
გერმანიის პრიმატთა ცენტრის მკვლევარი ჯეიმს ბრუკსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა რაიმე მტკიცე დასკვნების გამოსატანად იმის შესახებ, თუ რატომ გაიყო შიმპანზეების ეს ჯგუფი ან რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სხვა ჯგუფებისთვის.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.