სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალი უფრო მეტად სახმელეთო მიმართულებით აქვს.

როგორც პაატა ცაგარეიშვილი BMG-სთან აცხადებს, შექმნილ ვითარებაში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა ცენტრალური აზიის ტვირთების, მათ შორის ქიმიური და სასუქი ტვირთების მოზიდვაზე უნდა იმუშაონ.

მისივე თქმით, მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულყოფილი ამოქმედება.

“მიმაჩნია, რომ რეზერვი მეტწილად სახმელეთო გადაზიდვებშია და არა საზღვაო მიმართულებით. აქ საუბარი უნდა იყოს ცენტრალურ აზიაში ქიმიური სასუქების მოზიდვასა და გატარებაზე. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს, რომ ისინი სასუქის დამზადებაზე არიან ორიენტირებული და მის გატანაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი და ეს სასუქის მიზიდულობა არის თურქეთის მიმართულებით.

რატომღაც ინერტულ მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ვერა და ვერ გაიხსნა და ეს ყველაზე მიმზიდველი უმოკლესი მიმართულება იქნება ცენტრალური აზიის თუნდაც ქიმიური და სასუქი ტვირთების გადასაზიდად. მერწმუნეთ, დაახლოებით ორი მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია მხოლოდ თურქეთს, რომ ეს ტვირთი იქნეს ჩვენი [შუა] დერეფნით გადმოზიდული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვა ტიპის ტვირთები, მაგრამ რეზერვი ჩვენ აუცილებლად შუა აზიაში უნდა ვეძებოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

წყარო: bm.ge