მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა, მაღალი სიზუსტის ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით, დნმ-ის კვალი აღმოაჩინა ნახატზე, რომლის ავტორად ლეონარდო და ვინჩი მიიჩნევა. ის, შესაძლოა, რენესანსის ეპოქის გენიოსსა და უნივერსალურ სწავლულს ეკუთვნოდეს, თუმცა ამის ოფიციალურად დადასტურებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ნახატზე და და ვინჩის ოჯახის გარემოცვის წერილებზე მსგავსი გენეტიკური ნიშნები იპოვეს. ისინი შეესაბამება ტოსკანური წარმოშობის საგვარეულო ხაზს, საიდანაც ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) იყო წარმოშობით. კვლევა ფოკუსირებული იყო წითელი ცარცით შესრულებულ ნახატზე, რომელზეც ბავშვის თავია გამოსახული. სტილისტურად ის ლეონარდოს ნამუშევრის ასოცირებას იწვევს, თუმცა ხელოვნებათმცოდნეთა წრეში მისი ავტორობა მაინც სადავოა.

აშშ-ის ჯ. კრეიგ ვენტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ჰარინდერ სინგჰის ხელმძღვანელობით, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდები გამოიყენეს, რათა ნახატის წინა და უკანა მხრიდან მცირე ბიოლოგიური ნიმუშები აეღოთ. ამის შემდეგ მათ დნმ თანამედროვე სეკვენირების მეთოდებით გააანალიზეს. ბაქტერიული, სოკოვანი, მცენარეული და ცხოველური დნმ-ის ნარევის გარდა, მეცნიერებმა მასში ადამიანის გენეტიკური მასალაც აღმოაჩინეს. ისინი ყველაზე მეტად Y ქრომოსომის ფრაგმენტებით დაინტერესდნენ, რომელიც მამაკაცის ხაზით გადაიცემა. აღმოჩენილი მასალა მათ მიაკუთვნეს გენეტიკურ ჯგუფს, რომელიც დღეს ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ტოსკანაში.

მეცნიერთა ჯგუფმა, შესადარებლად, XV საუკუნეში მცხოვრები და ვინჩის ნათესავის ისტორიული წერილებიც შეისწავლა. Y ქრომოსომის მარკერები იმავე მშობლის ხაზიდან მათ იქაც იპოვეს. „ეს არის მნიშვნელოვანი საწყისი მინიშნება, მაგრამ არა მტკიცებულება“, - ხაზს უსვამენ კვლევაში მონაწილე მეცნიერები. დნმ ძლიერ დაზიანებულია და, შესაძლოა, ეკუთვნოდეს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ეხებოდნენ ამ საგნებს.

შეფასებებში Science-ის მიერ გამოკითხული ექსპერტებიც ფრთხილობენ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები, მეცნიერული თვალსზრისით, საკმაოდ შთამბეჭდავია, ისინი დნმ-ის და ვინჩისთვის გადაჭრით მიკუთვნების საშუალებას მაინც არ იძლევიან. გენეტიკური ათვლის უტყუარი წერტილი, ფაქტობრივად, არ არსებობს - და ვინჩის საფლავი ამბუაზში (საფრანგეთი) XIX საუკუნეში რამდენჯერმე დააზიანეს, პირდაპირი შთამომავლები კი გენიალურ მხატვარსა და გამომგონებელს არ ჰყოლია.

რა იქნება შემდეგ?

ახლა კვლევა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ხელოვნების ნიმუშების შესწავლის გაგრძელების პარალელურად, მეცნიერები აპირებენ და ვინჩის მამის ხაზის ცოცხალი მამრობითი შთამომავლების დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მითუმეტეს, ტოსკანის ქალაქ ვინჩის ერთ-ერთ ეკლესიაში ნაპოვნია ძვლები, რომლებიც, შესაძლოა, მის ახლო ნათესავებს ეკუთვნოდეთ.

მეცნიერთა ჯგუფი თავადვე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მეთოდების გამოყენების მხრივ მეტად შეზღუდული იყო. ხელოვნების ნიმუშების ზედაპირზე არსებული დნმ, როგორც შენახვის, ისე გამოყენების დროს, დაბინძურების მიმართ უკიდურესად მგრძნობიარეა. ამიტომ, გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, გენეტიკურ კვალთან დაკავშირებული განცხადებები დიდი სიფრთხილით მიდგომას საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამ წამოწყებაში დიდ პოტენციალს ხედავენ. ბიოლოგიური კვალი (დნმ) ხელოვნებათმცოდნეებს მომავალში, შესაძლოა, ექსპერტიზის კუთხით ძალიან დაეხმაროს - მაგალითად, სადავო ნამუშევრების ავთენტურობის დადგენის დროს ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში. თუმცა, „ლეონარდოს კოდის“ გენეტიკურ გაშიფვრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

წყარო: 1 არხი