ბიზნესმენი ილია წულაია სოციალურ ქსელში ახლო აღმოსავლეთიდან კერძო რეისით საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, ომანიდან თბილისის მიმართულებით დაქირავებული თვითმფრინავი უკვე ჰაერშია და ბორტზე 122 მგზავრი იმყოფება.

„საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.

მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!

მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!“, - წერს ილია წულაია.

შეგახსენებთ, რომ კერძო ჩარტერული რეისი ბიზნესმენებისა და მათი მეგობრების ინიციატივითა და დაფინანსებით სრულდება.