ამერიკული გამოცემა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, 2025 წლის მაისის შემდეგ, პირველ ადგილს უცვლელად Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იკავებს. გასულ თვეში მასკის ქონების ღირებულებამ $800 მილიარდს გადააჭარბა, რის შედეგადაც მასსა და რეიტინგში მეორე პოზიციაზე მყოფ ლარი პეიჯს ($247 მილიარდი) შორის სხვაობა $500 მილიარდზე მეტია.

Forbes-ის რეიტინგში მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის პოზიციები გასული თვის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ადგილები მხოლოდ ორმა ადამიანმა გაცვალა: უორენ ბაფეტი მე-9 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო Zara-ს დამფუძნებელი, ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. ორივე მათგანი რეიტინგის ათეულიდან იმ მხოლოდ ოთხ პირს შორის იყო, რომელთა ქონებაც თებერვალში გაიზარდა.

ყველაზე მოგებიანი გასული თვე ილონ მასკისთვის აღმოჩნდა, რომელმაც თავის სიმდიდრეს $64 მილიარდი შემატა. შედეგად, მასკმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $800 მილიარდს გადააჭარბა. ცნობისთვის, ოქტომბერში მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ, 15 დეკემბერს — $600 მილიარდს, ხოლო 19 დეკემბერს — $700 მილიარდს. წარმოდგენილ რეიტინგში, 2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი $839 მილიარდის ქონებას ფლობს.

თებერვლის ზრდით, მასკმა ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარზე მეტით გაზარდა თავისი უპირატესობა მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანთან, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯთან. პეიჯმა მეორე ადგილის შენარჩუნება თებერვლის თვეში $20-მილიარდიანი დანაკარგის მიუხედავად მოახერხა. პეიჯთან ერთად, გასულ თვეში $18 მილიარდი დაკარგა Google-ის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა. თუმცა თებერვალში ყველაზე დიდი დანაკარგი ჯეფ ბეზოსმა განიცადა, რადგან Amazon-ის აქციების ღირებულების 12%-იანი ვარდნის შედეგად, მისი ქონება $26 მილიარდით შემცირდა.

ქვემოთ მოცემულ რეიტინგში წარმოდგენილია Forbes-ის შეფასებით მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2026 წლის პირველი მარტის მონაცემებით. კოლექტიურად, მათი სიმდიდრის ღირებულება $2.6 ტრილიონია, რაც გასული თვის ანალოგიურია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ათი ადამიანიდან რვა ამერიკელია, ორი არაამერიკელი წევრი კი ფრანგი ბერნარ არნო და ესპანელი ამანსიო ორტეგა არიან. პირველი მარტის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია.

ცნობისთვის, პლანეტის უმდიდრესი ქალი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილიშვილი ელის უოლტონია. 2026 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ელის უოლტონი $134 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მე-14 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

ვრცლად forbes.ge-ზე