„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ნეგატიური გავლენა პირველ რიგში, შესაძლოა, ტურიზმის სექტორის მიმართულებით ჰქონდეს.
როგორც ოთარ ნადარაიამ BMG-ის განუცხადა, საქართველოს ტურისტულ ნაკადებში ისრაელს დაახლოებით 11% უჭირავს. მისი თქმით, კონფლიქტის უფრო გრძელვადიანად გაგრძელება საქართველოში ტურისტულ ნაკადებს შეამცირებს როგორც ისრაელიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან.
თუმცა მისივე თქმით, რეგიონში ვითარების გაუარესების ფონზე, შესაძლოა, 2022 წლის სცენარი განმეორდეს და საქართველოში მიგრაციული ნაკადები ვიხილოთ, ამჯერად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
“ძირითადი ეფექტი მაინც საყურადღებო რაც არის, ტურიზმის ფაქტორი იქნება. დაახლოებით 11%-ია ჩვენს ტურიზმის შემოდინებებში ისრაელის წილი. ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც არის მნიშვნელოვანი, იქ რამდენიმე პროცენტული პუნქტია [მთლიან წილში]. აქ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად დუბაიდან, ემირატებიდან, ინდოეთის და პაკისტანის ბევრი მოქალაქე შემოდის, რომლებსაც ინდოეთის და პაკისტანის პასპორტები აქვთ და ეს არ ჩანს ამ შემოდინებებში. ეს ძალიან ბევრი არ იქნება, მაგრამ ესეც ანგარიშგასაწევია. ზოგადად ჩვენ ახლოს ვართ მაინც ამ კონფლიქტთან, ამიტომ შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც შენელდეს [ტურისტული ნაკადები]. ასეთ დროს გასაგებია რომ მოგზაურობის სურვილი არ აქვს ადამიანს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელიც მეტ-ნაკლებად ახლოა. ამიტომ ამ კუთხით უფრო საყურადღებოა პოტენციური დანაკლისი.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად Google-ში ისრაელის მოქალაქეების მიერ გაიზარდა საქართველოს ძებნა. მაგალითად, შარშან ისრაელის მოქალაქეებმა მეტი ბინა იყიდეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. ამიტომ ისევე როგორც ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ უკრაინის ომიდან დადებით ეფექტს მივიღებდით, აქედანაც გარკვეული დადებითი ეფექტი არ არის გამორიცხული. თუმცა, რა თქმა უნდა რისკია, თუ ძალიან დაიძაბა სიტუაცია”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.