გურამ კაშიას „ვიტესში“ დაბრუნება სურდა, მაგრამ ეს ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა – ამის შესახებ წერილს Voetbal International-ი ავრცელებს.

„გურამ კაშია იმედოვნებდა, რომ მომავალ ზაფხულს „ვიტესში“ ფეხბურთელის რანგში დაბრუნდებოდა, რათა დახმარებოდა კლუბს, სადაც რვა წლის განმავლობაში თამაშობდა. არნემის კლუბმა ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა ქართველ ფეხბურთელთან, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში არნემული კლუბის ლიდერად იქცა. მცველმა არნემის კლუბის შემადგენლობაში 293 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც „ვიტესმა“ სეზონის დასაწყისში პროფესიული გუნდის ლიცენზია აღადგინა, 38 წლის მცველმა კლუბის აღორძინებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

ქართველ ფეხბურთელს ამჟამად კონტრაქტი ბრატისლავის სლოვანთან“ აკავშირებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და იმედოვნებდა, რომ „ვიტესში“ ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდებოდა. თუმცა, ხელშეკრულებით, არნემის კლუბი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კაშიას, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოთამაშის სახელფასო მოთხოვნის პირობები, რაც ამჟამინდელ სიტუაციაში „ვიტესისთვის“ შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ კაშია „უფასოდ“ დაბრუნებისთვისაც კი მზადაა, ვითარებას არ ცვლის.

კაშია, სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ვეტერანი მალე განაახლებს მოლაპარაკებებს „ვიტესთან“, ამჯერად მოედნის გარეთ მუშაობასთან დაკავშირებით. კარიერის განმავლობაში კაშიამ მიიღო სხვადასხვა სამწვრთნელო ლიცენზია და მენეჯმენტის კურსები გაიარა“, – ამტკიცებს Voetbal International-ი.

პირველი არხი