პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მოლოდინს უკავშირდება.

პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ.