,,ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE" .

მინისტრის მოადგილემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქედან ორი მესამედი ახალ მიმართულებებს დაეთმობა, სადაც სახელმწიფო აქამდე ნაკლებად აქტიურობდა.

„თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სააგენტომ [აწარმოე საქართველოში], მაგალითად, სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტი არის პროგრამის ფინანსური კომპონენტით მხარდაჭერილი, ჩვენ 10 წელზე უფრო ადრე პერიოდში ვისაუბრებთ, რამდენად გაიზარდა, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილი თქმით, ფინანსურ სექტორში კაპიტალის ბაზრის წილის გაზრდა პრიორიტეტულია.

„გვაქვს ამოცანა, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წილი მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.