კლიმატის ცვლილების გამო, საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოს 217 დიდ ქალაქში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს, რაც დაახლოებით 320 მილიონ ადამიანს შეეხება. ამის შესახებ გერმანიის ვიურცბურგის უნივერსიტეტის მკვლევრების, ჯონ ფრიზენისა და ჰანეს ტაუბენბეკის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

კვლევა მსოფლიოს 1 563 დიდ ქალაქს მოიცავს და კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარის მიხედვით ტემპერატურის მოსალოდნელ ცვლილებებს აფასებს. ყველაზე მძიმე სცენარის თანახმად, 2071–2100 წლებში 217 ქალაქი შესაძლოა გასცდეს ე.წ. ადამიანის კლიმატური ნიშის 29-გრადუსიან ზღვარს. შესაბამისად, ამ ქალაქებში სიცხე მნიშვნელოვნად გაზრდის ჯანმრთელობის რისკებს და გაართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

მკვლევრების შეფასებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ მოსახლეობას აზიისა და აფრიკის ქალაქებში უნდა ველოდოთ. პროგნოზის მიხედვით, 29 გრადუსზე მაღალი საშუალო წლიური ტემპერატურის მქონე ქალაქებში დაახლოებით 270 მილიონი ადამიანი აზიაში, 40 მილიონი აფრიკაში და 12 მილიონი სამხრეთ ამერიკაში იცხოვრებს.

კვლევის თანახმად, ქალაქების მოწყობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მჭიდროდ განაშენიანებულ ადგილებში სიცხის ზემოქმედება უფრო მაღალია. მკვლევრები გამოსავლად ასახელებენ მწვანე სივრცეების გაფართოებას, ამრეკლავი სამშენებლო მასალების გამოყენებას, წყალგამტარი ზედაპირების გაზრდასა და ურბანულ გარემოში წყლის ობიექტების განვითარებას.