აშშ-ის მხრიდან ნათია თურნავას დასანქცირების შესაძლებლობა BMG-სთან ეკონომისტმა, პაატა ბაირახტარმა შეაფასა. მისი განცხადებით, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დასანქცირდება, ეს ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება. ეკონომისტის თქმით, სასურველი არ არის, სანქცირებული ადამიანი საფინანსო სექტორს ხელმძღვანელობდეს.
საქმე ის არის, რომ ნათია თურნავა იმ 26 პირიდან ერთ-ერთია, რომელთა დასანქცირება, რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენებმა შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანს მოსთხოვეს."რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი პირების დასანქცირება მოითხოვეს. ამ ადამიანებს ისინი ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის ნაწილად მოიხსენიებენ.
"ჯერ არ ვიცით, სიის რეალური შემადგენლობა. თუ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნამდვილად არის ამ სიაში, ეს ძალიან ცუდი იქნება. რამდენიმე ვარიანტი იქნება, რის საფუძველზე შეიძლება მოხვედრილიყო სიაში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რა ტიპის სანქციები იქნება. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო სანქცია, ფინანსური სისტემისთვის დადებითი ეფექტის მომტანი არ იქნება. თუ ჩვენ საფინანსო სექტორის იმიჯზე, კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მსგავს რეალობაში, სასურველი არ არის, სანქცირებული ადამიანი საფინანსო სექტორს ხელმძღვანელობდეს", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბოლო პერიოდში არაერთი პირი დასანქცირდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და ბიძინა ივანიშვილი. დასავლეთიდან მუდმივად ისმის, რომ სანქციების ტალღა კვლავ გაგრძელდება. პაატა ბაირახტარის თქმით, ინდივიდუალური სანქციები ქვეყანას აზიანებს.
"ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რაიმე სახის სანქცია მთავრობის წევრების მიმართულებით, ინდივიდუალურ სახეს ატარებს და მას ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს ან თავს იტყუებს, ან ეკონომიკასთან საერთოდ გავლილი არ აქვს. მთავრობის ნებისმიერი წევრის დასანქცირება არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო იმიჯზე. მსგავს სანქციებს მყისიერი ეფექტი არ აქვს, თუმცა როცა საინვესტიციო მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო და ფისკალურ შემოდინებებზე. თუ ჩვენ დავაკვირდებით სხვადასხვა მიმართულებას, იგივე FDI-ის, ამის ნიშნები უკვე შეინიშნება. საუბარი, რომ ამ სანქციებს მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური დისკომფორტის შექმნის მოტივი აქვს, არასწორია. ამ სანქციებს პერსონალურ დისკომფორტთან ერთად, ქვეყნისთვის დიდი ფისკალური და ეკონომიკური სტრესის მოტანა შეუძლია", - განაცხადა ეკონომისტმა.