აჭარის მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხა და შესყიდვების განხორციელების წესი“ საქართველოს მთავრობას 2016 წელს აქვს დამტკიცებული.

„შენობის დასრულების სამუშაოებზე“ მთავრობის აპარატმა განცხადება [შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – GEO] შესყიდვების პორტალზე 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა. წინადადებების მიღება ამავე წლის 3 მარტს დაიწყება და ორ დღეში, 5 მარტს დასრულდება.

მთავრობის აპარატი შემდეგ სამუშაოებს შეისყიდის: „შენობის დასრულება, სადურგლო და სახუროო სამუშაოები, იატაკისა და კედლის საფარის დაგება, ღებვა და შემინვა, შენობის მოწყობის სხვა სამუშაოები“, რისთვისაც 109 300 ლარია გათვალისწინებული.

„პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს. მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს [რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით], პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება“ – აღნიშნულია მთავრობის აპარატის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, პრეტენდენტებმა, რომლებიც გამოხატავენ შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესს, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში [ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9], უნდა წარადგინონ ინტერესის გამოხატვის თაობაზე წერილი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვასთან ერთად.

„პრეტენდენტის მიერ ინტერესის გამოხატვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი სამუშაო დღისა, შემსყიდველი უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის შესყიდვის დოკუმენტაციის საიდუმლო წესით გადაცემას“ – წერია განცხადებაში.

batumelebi.netgazeti.ge