Discord-მა განაცხადა, რომ ასაკის დადასტურების სისტემის გლობალურად დანერგვას მარტში აღარ გეგმავს და მისი ამოქმედება 2026 წლის მეორე ნახევრამდე გადაიდო.

კომპანიამ ძლიერი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ყველა მომხმარებელი ავტომატურად გადავიდოდა „თინეიჯერებისთვის შესაბამის რეჟიმზე“, სანამ სრულწლოვანებას არ დაადასტურებდა.

სამშაბათს კომპანიამ განმარტა, რომ მომხმარებლების 90%-ს ასაკის დადასტურება არ დასჭირდება და შეძლებენ პლატფორმის ჩვეულ რეჟიმში გამოყენებას, რადგან უმეტესობა არ ურთიერთობს ასაკობრივად შეზღუდულ კონტენტთან და პლატფორმის შიდა უსაფრთხოების სისტემებს უკვე შეუძლია ბევრი სრულწლოვანი მომხმარებლის ასაკის განსაზღვრა. ეს შიდა სისტემები აფასებს ისეთ სიგნალებს, როგორებიცაა ანგარიშის არსებობის ხანგრძლივობა, აქვს თუ არა მომხმარებელს გადახდის მეთოდი მიბმული და რა ტიპის სერვერებშია გაწევრიანებული.

Discord-ის განცხადებით, იმ 10% მომხმარებლებს, ვისაც ასაკის დადასტურება მაინც დასჭირდებათ, სხვადასხვა ვარიანტი ექნებათ. ადრე კომპანია ამბობდა, რომ ვერიფიკაცია შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახის ასაკის შეფასებით ან პირადობის დოკუმენტის ატვირთვით პარტნიორ კომპანიებთან. ახლა კი აცხადებს, რომ გლობალური გაფართოების წინ დამატებით მეთოდებს დაამატებს, მათ შორის, საკრედიტო ბარათით ვერიფიკაციის შესაძლებლობას.

შესაბამისად, თუ ვერიფიკაციას არ გაივლით, თქვენ შეინარჩუნებთ ანგარიშს, სერვერებს, მეგობრების სიას, პირად შეტყობინებებს და ხმოვან ჩატს. ერთადერთი ცვლილება იქნება ის, რომ ვერ შეძლებთ ასაკობრივად შეზღუდულ კონტენტზე წვდომას ან თინეიჯერების დასაცავად შექმნილი უსაფრთხოების პარამეტრების შეცვლას. სხვა მხრივ, თქვენი გამოცდილება უცვლელი დარჩება.

Discord გააკრიტიკეს მას შემდეგაც, რაც გასული წლის ოქტომბერში გაამჟღავნა, რომ დაახლოებით 70,000 მომხმარებლის სენსიტიური მონაცემი, მათ შორის, პირადობის მოწმობის ფოტოები, შესაძლოა გამჟღავნებულიყო, რადგან ჰაკერებმა გატეხეს მესამე მხარის მომწოდებელი, რომელსაც პლატფორმა ასაკთან დაკავშირებული აპელაციების პროცესში იყენებდა. კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ მომწოდებელთან თანამშრომლობა უკვე შეწყვეტილია.

როგორც ცნობილი ხდება, თავის მხრივ, Apple ამზადებს ასაკის დადასტურების (age-verification) ხელსაწყოებს, რამდენიმე ქვეყანაში — მაგალითად ავსტრალიაში, ბრაზილიაში და სინგაპურში, ის უკვე ბლოკავს 18+ აპების ჩამოტვირთვას, სანამ მომხმარებელი არ დაადასტურებს თავის სრულწლოვანებას. 

ახალი ხელსაწყოების მიზანია, გააუმჯობესოს ბავშვების უსაფრთხო ნავიგაცია ინტერნეტშიგანსაკუთრებით ისეთ აპებში, რომლებიც შეიცავს „ზრდასრულთა კონტენტს”.

www.marketer.ge