2026 წელს ევროპის რიგ ქვეყნებში, ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სტაბილური თანაცხოვრების შესანარჩუნებლად, ახალი სამოგზაურო რეგულაციები ამოქმედდება. წესები მოიცავს როგორც საზღვრების დიგიტალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის გამკაცრებულ სასაზღვრო შემოწმებას, ასევე ტურისტული გადასახადების ცვლილებებსა და სხვა შეზღუდვებს. 2026 წელს ევროპის მოგზაურობის წესებში ცვლილებები და მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოცემა Euronews-მა წარმოადგინა.
ევროკავშირმა ბლოკის ახალი შესვლის/გასვლის სისტემა (EES) ოფიციალურად 2025 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. განახლებული წესების ეტაპობრივი დანერგვა, სავარაუდოდ, 2026 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რეგულაციების ფარგლებში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, მოკლე პერიოდით შენგენის ზონის ევროპულ ქვეყანაში მოგზაურობისას, ვალდებულნი იქნებიან, საზღვართან თავიანთი ბიომეტრიული მონაცემები — მათ შორის პასპორტის მონაცემები, თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება — წარადგინონ. ახალი სისტემა საზღვრის გადაკვეთისას პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის პრაქტიკასაც ჩაანაცვლებს.
სისტემა მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ირლანდიისა და კვიპროსის გარდა, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინს. ახალი რეგულაციების მიზანი ვიზით დაშვებული ვადის დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაა. ამას ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შემოწმებების გაძლიერებითა და ევროკავშირის მონაცემთა ბაზებში რეესტრის საშუალებით გეგმავს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი სისტემა ევროკავშირის სასაზღვრო შემოწმების გამარტივებასაც ისახავს მიზნად.
ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) გაშვება, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს უნდა ამოქმედებულიყო, 2026 წლის ბოლომდე გადაიდო. ETIAS-ი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. შენგენის ზონაში შესვლამდე მოგზაურებს ონლაინავტორიზაციის გავლა მოუწევთ, რომლის საფასურიც, სავარაუდოდ, ქვეყნების ნაწილისთვის 20 ევრო იქნება. ცნობისთვის, სამოგზაურო ავტორიზაციის მსგავსი მოთხოვნები მოქმედებს აშშ-სა და კანადაშიც.
გაერთიანებულ სამეფოში ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაცია (ETA) 2023 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, თუმცა მისი სრული დაცვით აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს 2026 წლის თებერვლიდან შეიცვლება, რადგან გაერთიანებული სამეფო 85 ქვეყნის ტურისტებს, რომლებსაც ამჟამად ვიზა არ სჭირდებათ, მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ციფრული ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანას მოსთხოვს.
დამატებით, ევროპის სახელმწიფოები უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შიდა გადასახადების ზრდასაც განიხილავენ. მოგზაურობის ხარჯებს ზრდის Airbnb-ის შეზღუდვები და მასობრივ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში მიღებული ზომები. მაგალითად, ადგილობრივი მცხოვრებლების მზარდი ქირის ფასისგან დასაცავად, ბინების მოკლევადიან გაქირავებებზე შეზღუდვები დაწესდა პარიზში, ბარსელონასა და ბუდაპეშტში. მათ შორის, მიღებული რეგულაციით, ბარსელონა ბინების მოკლევადიან გაქირავებაზე ლიცენზიების გაცემას აკრძალავს.
ამასთან ერთად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო, სასტუმროში თითო ღამით დარჩენაზე დამატებითი გადასახადიც ამოქმედდება. სასტუმროების მესაკუთრეების პროტესტის მიუხედავად, იმავე ტიპის გადასახადი 2026 წლიდან ბუქარესტშიც ამოქმედდება. ასევე ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ტურისტებისთვის ქალაქში შესვლაზე გადასახადი დააწესა. გადასახადები ტურისტულად დატვირთული ქალაქების განტვირთვასა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებას მოხმარდება.
დამატებით, ევროპის ქვეყნების ნაწილმა წარადგინა რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ ტურისტების არასასურველი ქცევის შეზღუდვისკენაა მიმართული. მაგალითად, ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, ხოლო პორტუგალიის ალბუფეირაზე ჩაცმაზე შეზღუდვა იმოქმედებს — მაგალითად, ქალაქში პლაჟის ტანსაცმლით გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეები 1 500 ევრომდე დაჯარიმდებიან. საფრანგეთში კი გასული წლის ნოემბრიდან იმ მგზავრებს, რომლებიც ფრენაზე შეფერხების მიზეზი ხდებიან, შეიძლება 20 000 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.