2025 წელს გერმანიაში დეპორტაციის თაობაზე ბრძანებების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გაიცა (671), მას მოსდევდნენ ალბანეთის (661) და თურქეთის (618) მოქალაქეები. ეს სამი ქვეყანა წინა წელსაც დეპორტაციის ძირითადი წარმოშობის ქვეყნები იყო, თუმცა მაშინ სიაში დიდი სხვაობით (923) ალბანელები ლიდერობდნენ.
ეს სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო dpa-მ გამოაქვეყნა, გერმანიის მთავრობის პასუხზე დაყრდნობით, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში მემარცხენე საპარლამენტო ფრაქციის მიერ დასმულ შეკითხვაზე გასცა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიიდან დეპორტირებულების რაოდენობა 2025 წელს ოდნავ შემცირდა - 8 232 უცხოელმა მოქალაქემ დაკარგა ბინადრობის უფლება. 2024 წელს გერმანიიდან 9 277 უცხოელი იქნა დეპორტირებული.
2023 წლის დეკემბერში გერმანიის ხელისუფლებამ საქართველო თავშესაფრის მოთხოვნისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. თუმცა 2025 წელს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევაზე, როდესაც განიხილავდა ამ ქვეყნიდან ჩასულ წყვილთან დაკავშირებულ საქმეს.
ვრცლად: radiotavisupleba.ge