რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში Greda-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, კანონპროექტი ენერგეტიკის მიმართულებით ძალიან სერიოზულ მიმართულებებს მოიცავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც Greda რამდენიმე წელია, მუშაობს და წლების განმავლობაში არაერთგზის დავრწმუნდით, რომ ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზულ სარგებელს მოუტანს ჰიდროენერგეტიკის განვითარებას. კანონპროექტი თავის თავში მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან პროცესს - ქონების გადასახადი, რომელსაც გადაიხდის მომავალში აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც მიემართება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ უკვე ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ამ თანხიდან კონკრეტული პროცენტი მოხმარდება უშუალოდ იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური აშენდება.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სავსებით ლეგიტიმურად არის დასმული კითხვაა: სარგებელი, რომელსაც იღებს სახელმწიფო, ინვესტორი, ამ შესაძლებლობიდან რა წილს მიიღებს თავად. ეს წილი აუცილებლად უნდა იყოს თანაბარზომიერი აბსოლუტურად ყველა სოფელში მცხოვრები ადამიანისთვის. ამდენად, ეს მოცემულობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და რა თქმა უნდა, ადგილზე დოვლათის დარჩენას“, - აცხადებს მაია მელიქიძე.