"საბაგირო გზა არის ლაკმუსის ქაღალდი... ეს გზა აჩვენებს [ტურისტების] ნაკლებობას მესტიაში“, - სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე მკვლევარმა, საოჯახო სასტუმრო „შალეს“ თანამფლობელმა გოჩა ჭელიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლის შეფასებით, „ზამთრის ტურისტულ სეზონზე, მესტიაში მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უნდა უვლიდნენ, მაგრამ სვანეთში, დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს“.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა შემთხვევა, როცა ზამთრის სხვა კურორტებზე წყლისა და კანალიზაციის პრობლემა იყო, თუმცა სახელმწიფო უწყებებს ტურისტებისთვის სვანეთი ალტერნატივად არ შეუთავაზებიათ.
საოჯახო სასტუმრო „შალეს“ თანამფლობელი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოიწვიოს საერთაშორისო მედია სვანეთის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.
გოჩა ჭელიძე, რომელიც მესტიის ყოფილი გამგებელია და სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, გამოსავალს რამდენიმე მიმართულებაში ხედავს:
- აგრესიული მარკეტინგული კამპანია - მისი აზრით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა მოიწვიოს მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები (აზიიდან, ამერიკიდან, ევროპიდან), რათა სვანეთის უნიკალური პოტენციალი გააცნონ მსოფლიოს. "ნამდვილად აკლია სვანეთს რეკლამა... სვანეთს სჭირდება გაუჩერებელი პოპულარიზაცია მედიაში", - აცხადებს ის.
- თეთნულდის კურორტის განვითარება - გოჩა ჭელიძის თქმით, თეთნულდი ერთადერთი მთაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც სწრაფად დაშვებაში მსოფლიო დონის შეჯიბრებების მასპინძლობის პოტენციალი აქვს. „მხოლოდ ინფრასტრუქტურის მცირედი გაუმჯობესება და რამდენიმე საბაგიროს დამატებაა საჭირო. დღეს მსოფლიოში არსებული საშეჯიბრებო ტრასების უმეტესობა „დაბერებულია“, რადგან გარემოსდაცვითი კონვენციების გამო, ევროპაში ახალი ტრასების მშენებლობა ფაქტობრივად შეჩერებულია. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, დაიკავოს ეს ნიშა... საერთაშორისო ტურნირების ჩატარება ავტომატურად ნიშნავს ასობით ათასი გულშემატკივრის მოზიდვას; ტოპ-სპორტსმენების ფან-კლუბებს დაუწერელი კანონი აქვთ - ესტუმრონ იმ კურორტს, სადაც მათი კუმირი ასპარეზობს. თეთნულდის მიმართულებით განხორციელებული 30-40 მილიონიანი ინვესტიცია ქვეყანას ყოველწლიურად მილიონამდე მაღალბიუჯეტიან ტურისტს და უდიდეს ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს“, - აცხადებს ის.
- ზაფხულის სათხილამურო ტრასა - გოჩა ჭელიძე სთავაზობს ხელისუფლებას, აითვისონ თეთნულდის მყინვარი, რაც საშუალებას მისცემს კურორტს ტურისტები ზაფხულშიც მიიღოს. „სვანეთის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ზაფხულის სათხილამურო ტრასების მოწყობაა. ევროპაში სულ რამდენიმე ასეთი კურორტია - მაგალითად, ავსტრიის ჰინტერტუქსი, სადაც ზაფხულის თვეებში საქართველოს ნაკრებიც გადის წვრთნებს. იქ შაბათ-კვირას ვიზიტორების რაოდენობა 200,000-ს აღწევს. თეთნულდის მყინვარი ანალოგიური, შესაძლოა უფრო დიდი პოტენციალის მატარებელიცაა. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი რესურსი, რომ ზაფხულშიც შევთავაზოთ ტურისტებს სამთო-სათხილამურო სერვისი, რაც სვანეთს ოთხსეზონიან, მსოფლიო დონის კურორტად აქცევს“, - განაცხადა მკვლევარმა და საოჯახო სასტუმრო „შალეს“ დამფუძნებელმა.
- ინფრასტრუქტურული პროექტები - კვლავ აქტუალურია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რაც გოჩა ჭელიძის აზრით, ტურისტულ წრეს შეკრავდა. „ეს გვირაბი სამეგრელოს მთლიან რეგიონს შეუქმნის დამატებითი ტურისტების მოზიდვის საშუალებას და ეს მხარე, მთლიანად, იმერეთის მხარე, საიდანაც უნდა გამოვიდეს გვირაბი ლეჩხუმის გავლით და ქვემო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გავლით, ტურისტულად „აფეთქდება“ და სისტემა შეიქმნება ისეთი წრიული, რომელიც განავითარებს რაჭას, ლეჩხუმს, ქვემო სვანეთს, სამეგრელოს და სვანეთს“, - აღნიშნა მან.
- მთის მუზეუმი სვანეთში - გოჩა ჭელიძე გამოდის ინიციატივით, სვანეთში გაკეთდეს ლეგენდარული რაინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმი, რაც მსოფლიო დონის მიზიდულობის ცენტრი გახდება. „ერთი პერიოდი სვანეთში მესნერის სახლის გაკეთებაზე იყო საუბარი - ეს არის მთის მუზეუმი. მესნერს მსოფლიოში ხუთი ასეთი მუზეუმი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ნეპალში და ეს ამ ქვეყნებისთვის ტურიზმის მოზიდვის ძალიან მძლავრი საშუალებაა... ეს ყველაფერი ერთად შექმნის საქართველოს, ქართული ეროვნული ტურიზმის განვითარების მძლავრ ბიძგს, რაც ჩვენს ქვეყანას ცნობადსაც გახდის საერთაშორისო არენაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიურად გააძლიერებს და ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტს დიდი თანხებით შეავსებს“, - განაცხადა გოჩა ჭელიძემ.