საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 332 600 განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 642 400 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგად, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 1.6 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.2 პროცენტით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 638 700 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 1 354 800-ს.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700.0 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.8 პროცენტი თბილისის მცხოვრებია, 15.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.3 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ვიზიტების უმრავლესობა (52.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. 15.7 პროცენტი მოდის შოპინგზე, 10.5 პროცენტი დასვენებაზე და ა.შ.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 364.9 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 357.0 ათასი ვიზიტი თვეში).
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 297.7 მილიონი ლარით, რაც 0.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.0 პროცენტით და 181.3 ლარს გაუტოლდა.