საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზად ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვას ასახელებს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დავით მესხიშვილი ამბობს, რომ დასადგენია ჩვენს ქალაქებში ოპტიმალური სიჩქარე, რაც ევროპის ქვეყნებში დიდი ხნის წინ გადაიხედა და სტრატეგია, რომელიც გზებზე ნულოვან გარდაცვალებას გულისხმობს, პირველ რიგში სწორედ სიჩქარის ადმინისტრირებას მოიცავს.
„საჭიროა ქალაქებში სიჩქარის შეზღუდვა. საერთაშორისო ტენდენციაა, რომ დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე სიჩქარე 30 კილომეტრამდეა შეზღუდული. მას, ვისაც ფინანსური საშუალება აქვს, სიჩქარეს მაინც გადააჭარბებს. ჯარიმას უფრო შეჭირვებული ადამიანები ერიდებიან. ეს განპირობებულია იმით, რომ სიჩქარის გადაჭარბება არ არის მიბმული მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.
დავით მესხიშვილი 6 წელზე ძველი ავტომობილების აკრძალვის საკითხსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.
„არგუმენტები, რაც მოვისმინეთ, უფრო სურვილებია და კვლევებს არ ეყრდნობა. მაგალითად, მოვისმინეთ, რომ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი, ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ეს ყველაფერი კვლევებს არ ეყრდნობა, მხოლოდ სურვილებია. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ის იქნება, შემოყვანილმა ავტომობილებმა ჯერ ინსპექტირება გაიარონ და მხოლოდ შემდეგ მოხდეს დარეგისტრირება“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.