მეცნიერება შეიძლება შაკიკის მკურნალობის ახალი ტალღის ზღვარზე იყოს. ამ მტკივნეული მდგომარეობის სამკურნალოდ დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი ნევროლოგიური გზის ხელახლა განხილვამ იმედის მომცემი შედეგები დადო. შაკიკი მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს; მისი გამომწვევი სხვადასხვა მექანიზმის გაგებით, შეიძლება შვება მიეცეს ამ მდგომარეობით დაავადებულ ყოველი სამიდან ერთ იმ ადამიანს, რომლებიც ამჟამინდელ სამკურნალო საშუალებებზე არ რეაგირებენ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პრეპარატთა ცდების წარუმატებლობამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა ეს ნევროლოგიური გზა უმნიშვნელოდ მიიჩნია შაკიკის პრევენციისა და მკურნალობის მცდელობაში. თუმცა ამჯერად, პლაცებოთი კონტროლირებადმა ცდამ ზოგიერთ მეცნიერს აფიქრებინა, ხომ არ იყო ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარი მესუდ აშინა და მისი კოლეგები დააკვირდნენ ქიმიურ მესენჯერს, ანუ ნეიროპეპტიდს, სახელად ნივთიერება P-ს. მას სამწვერა ნერვი გამოყოფს, რომლის შაკიკში მონაწილეობის შესახებაც მეცნიერებმა უკვე ათწლეულებია, იციან. ნივთიერება P ტკივილს იწვევს სისხლძარღვების გაფართოებით, თავის ტვინის გარსში (თხელი მემბრანა, რომელიც ტვინს აკრავს გარშემო) ანთებით და ნერვული სისტემის აქტივობის შეცვლით, რაც აძლიერებს ტკივილის სიგნალიზებას.
შარშან მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ნივთიერება P-ის ინფუზიებმა (შეყვანა) თავის ტკივილი გამოიწვია შაკიკის არმქონე ადამიანთან 71 პროცენტში, ასევე განაპირობა საფეთქლის ზედაპირული არტერიის გაფართოება, რაც ამ დაავადებასთანაა დაკავშირებული. ამჯერად, მკვლევრებმა ასეთივე მასშტაბის ეფექტი აღმოაჩინეს, როცა ნივთიერება P შეუყვანეს შაკიკის მქონე ადამიანებს; ეს კი მხარს უჭერს მოსაზრებას ამ დაავადებაში ამ ნივთიერების ჩართულობის შესახებ.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ნივთიერება P 1990-იანი წლების ბოლოდან უკვე მიტოვებულია, როგორც სამიზნე მოლეკულა შაკიკის წინააღმდეგ ბრძოლაში; ამას მხარს უჭერდა ხუთი ექსპერიმენტული პრეპარატი, რომლებმაც აჩვენა, რომ ნივთიერება P-ის მიზანში ამოღებას პლაცებოსგან განსხვავებული რაიმე სარგებელი არ ჰქონდა.
აშინას ჯგუფს აინტერესებდა, იყო თუ არა ამ წარუმატებლობათა მიზეზი ის, რომ ეს პრეპარატები ზემოქმედებდნენ ნივთიერება P-ის მხოლოდ ერთ რეცეპტროზე — ნეიროკინინ-1 რეცეპტორზე (NK1-R). ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ის უკავშირდება რეცეპტორების მეორე ჯგუფს, MRGPRX2 რეცეპტორებს, რომლებიც იწვევენ ანთებას და პირდაპირ მოქმედებს სენსორულ ნეირონებზე ტკივილის სიგნალების გასაძლიერებლად.
„მას შემდეგ, რაც კრახი განიცადა იმ პრეპარატთა ცდებმა, რომლებიც მიზანში NK1 რეცეპტორს იღებდნენ, არ ყოფილა რაიმე სერიოზული ძალისხმევა ამ წარუმატებლობის ასახსნელად. მათ, ალბათ, გამორჩათ ნივთიერება P-ს ფართო სპექტრის ეფექტების ბლოკირება. გამომდინარე იქიდან, რომ ახალ ცოდნას თან ახლავს მკურნალობის ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალ და უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, დროული და გონივრული ჩანს, გადაიხედოს ნივთიერება P-ზე ორიენტირებული სტრატეგიები“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ მოსკოვიცი, რომელმაც აღმოაჩინა სამწვერა ნერვის როლი შაკიკში.
ეს უფრო მარტივი უნდა იყოს ახლა, როდესაც შეგვიძლია ვაწარმოოთ მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც პირდაპირ ბლოკავენ მოლეკულებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ისინი მოქმდებენ კალციტონინის გენთან დაკავშირებულ პეპტიდთან (CGRP) — ამჟამად შაკიკის სამკურნალოდ არსებულ ყველაზე მძლავრ საშუალებათა სამიზნესთან და თანაც, კვლევის ქვეშ არიან შაკიკთან დაკავშირებული მესამე ნეიროპეპტიდებისთვის, სახელად ჰიპოფიზის ადენილატციკლაზას გამააქტიურებელი პოლიპეპტიდი (PACAP).
თებერვლის დასაწყისში, დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Lundbeck-მა გამოაქვეყნა თავისი ანტი-PACAP მონოკლონური ანტისხეულის, სახელად ბოკუნებარტის რანდომიზებულად კონტროლირებად ცდის ადრეული შედეგები. კომპანიის განცხადების თანახმად, რომელშიც თარიღი არაა დაკონკრეტებული, ბოკუნებარტის ინფუზიებმა (შეყვანა) მნიშვნელოვნად უფრო შეამცირა შაკიკიანი დღეების რაოდენობა, ვიდრე პლაცებომ.
„რა თქმა უნდა, კარგი ახალი ამბავია, რადგან გვაქვს მყარი მონაცემები“, — ამბობს შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარი ლარს ედვინსონი, რომელიც ჩართული იყო შაკიკში PACAP-ისა და ნივთიერება P-ის როლის აღმოჩენაში.
კომპანია Lundbeck აცხადებს, რომ სრულ მონაცემებს საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარუდგენს სპეციალურ კონფერენციაზე.
შაკიკის გამომწვევ მიზეზებზე ფოკუსირების შეცვლამ შესაძლოა შეამციროს CGRP-ის ინჰიბიტორებზე ჩვენი დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც პირველი CGRP ინჰიბიტორი აშშ-ში 2018 წელს დამტკიცდა, ამ პრეპარატებმა რევოლუცია მოახდინა შაკიკის მართვაში — გაანახევრა თვეში შაკიკიანი დღეების რაოდენობა და შეამცირა დარჩენილი შეტევების ხანგრძლივობა. თუმცა, ადამიანთა 40 პროცენტში ისინი უბრალოდ არ მოქმედებს.
„CGRP პრეპარატები ზოგ ადამიანში ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ არ მოქმედებს ყველასთვის. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც სარგებელს მოუტანს იმ ასეულობით მილიონ ადამიანს, რომლებზეც ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებები არ მოქმედებს“, — ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტლის მკვლევარი პიტერ გოდსბი, რომელმაც 1990-იან წლებში აღმოაჩინა შაკიკში CGRP-ის როლი.
ახლა უკვე ველოდებით დამატებით მტკიცებულებებს ამ პრობლემური პეპტიდების ბლოკირების რეალურ შედეგებთან დაკავშირებით.
„ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, რადგან ყველა — ნივთიერება P, CGRP და PACAP — მოქმედებს მენინგეალური (თავის ტვინის გარსი) სისხლძარღვის კედელზე და მათ შესაბამის რეცეპტორულ სისტემებზე, მაგრამ ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ“, — ამბობს მოსკოვიცი.
მისი ვარაუდით, რამდენიმე გზის ერთად დაბლოკვა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს იმ პაციენტთა რაოდენობის შემცირებაში, რომლებიც ამჟამინდელ პრეპარატებზე არ რეაგირებენ.
თუმცა, პრეპარატებს, რომლებიც ნივთიერება P-ს და PACAP-ს იღებენ მიზანში, შეიძლება ისეთივე დიდი ეფექტი არ ჰქონდეს, როგორიც მათ, რომლებიც CGRP-ს ბლოკავენ, რადგან ეს უკანასკნელი სამწვერა ნერვში გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა.
კვლევა ჟურნალ Preprints with The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.