სასტუმროების მმართველი კომპანიის „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიდგომა უცხოელებს აუკრძალოს საქართველოში ზოგიერთი საქმიანობა მათ შორის, საკურიერო მომსახურება არასწორია და სერვისს გააძვირებს.

„დასაქმების ახალი კანონი, რომელიც პირველი მარტიდან შედის ძალაში, კითხვებს არა მხოლოდ ჩემთან ტოვებს მგონი. ვფიქრობ პატრიოტულად ძალიან კარგია გიდების კუთხით - აღარავინ დაამახინჯებს ისტორიას, გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და ფულის გადინება აღარ მოხდება ქვეყნიდან. მძღოლი და კურიერი - ნულოვანი კვოტა - მგონი ჯობდა აქაც გარკვეული კრიტერიუმებით გაეცათ მუშაობის ნებართვა გარკვეულ კვოტაზე. ადგილობრივი რესურსით ამ სიცარიელეს ვერ ამოვავსებთ, გაჩნდება ხარვეზები და გაძვირდება მომსახურება ჩემი აზრით.

მშენებლობაში კი ვხედავთ, უამრავი უცხოელია და სამშენებლო კომპანიები იყენებენ გარედან შემოყვანილ ადამიანურ რესურსს. მე პირადად ვეთანხმები იმას, რომ ქართველის დასაქმება ჯობია , მაგრამ ხშირად არც კომპეტენციები და არც მუშაობის მსურველთა რაოდენობა არ მოდის ბალანსში ბაზრის მოთხოვნასთან. აღარ შევეხები სხვა სფეროებს ცალ-ცალკე - ყველგან იგივეა.

სოც დაუცველი - 700 000, აღმოჩნდა , რომ 8% შეძლებულიც კი ყოფილა. გრძელდება შემოწმებები და კიდევ ბევრს მოუწევს ტახტიდან ადგომა და სამუშაოდ გასვლა, კომუნალურების გადახდა ჩვენსავით და ა.შ. მაგრამ - აქ იწყება მთავარი გამოწვევა. შეძლებს კი სოც დაუცველთა გადამოწმებისას გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა მზარდ სამუშაო ბაზარს მოერგოს მოთხოვნებით, ცოდნით, კომპეტენციებით? ვერ შეძლებს და ვერ შეძლებს კარგა ხანი, იმიტომ რომ დიდი ხანია მუშაობის სურვილიც და უნარიც გავუქრეთ ამ ხალხს, არ სჭირდებოდათ მუშაობა - ,, სოც დახმარება მუდმივია და თქვენი სამუშაო დროებითი, რატომ ვიმუშაო’’. აი ეს მითხრა ერთმა ადრე.

და ასეთი გონებრივი წყობის ხალხი, რომელსაც უფასო სასწავლო პროგრამებზეც კი არაფერი უსწავლია, ვთვლით, რომ სამუშაო ძალის დეფიციტს შეგვივსებს? კი, - მაგრამ ჯერ ვერა, წლები დასჭირდება ქცევის და მენტალობის შეცვლას. მინდა ვცდებოდე მაგრამ ახლა უფრო რთულ ნაწილში შევდივართ. ჩემი აზრით ცოტა უფრო რბილი, გარდამავალი მიდგომა სჭირდებოდა ამ კანონს, რომ არც მოსახლეობას და არც დამსაქმებლებს ტვირთად არ დააწვეს“, - წერს მურაჩაშვილი Facebook-ზე.