„უმრავლეს ქსელს აქვს პირობა, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ვერ შევიტანთ მას იქ გასაყიდად,“ - ამის შესახებ პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე სადისტრიბუციო კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლევან პაპიაშვილმა განაცხადა.

„სადისტრიბუციო კომპანიის კუთხით, ვისაუბრებ იმ მიზეზებზე რაც განაპირობებს მაღალ ფასებს. პირველი საკითხი ვფიქრობ რომ არის ე.წ. ქეშბექის საკითხი. სადისტრიბუციო კომპანიები ვალდებული ვართ, ჩვენ მიწოდებულ თუ რითეილის მიერ გაყიდულ (დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე) პროდუქციაზე ეს „ქეშბექი“ დავუბრუნოთ რითეილს. ე.წ. ქეშბექი იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს, მაგალითისთვის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია ეს გადასახადი, ხოლო რიგ პროდუქტებზე მაგალითად შოკოლადის ნაწარმზე 50%-საც კი აღწევს.

დისტრიბუტორი/იმპორტიორი იძულებულია მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექით“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. ასევე, არის ქსელში შესვლის გადასახადი, მაღაზიის გახსნის საფასური და სხვა...

ასევე, ყველა მიწოდებული პროდუქციის ვადის გასვლაზე პასუხისმგებლობა ისევ ჩვენ გვეკისრება და უნდა გამოვითხოვოთ ვადაგასული პროდუქტი ქსელიდან, ასევე მცირევადიან პროდუქციას ვერ მივაწვდით მარკეტს, სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ რითეილს მივაწოდოთ პროდუქტი, რომლის შენახვის ვადაც მინიმუმ 50%-ზე მეტი უნდა იყოს დარჩენილი. კონკრეტულად რომ გითხრათ, პროდუქციის მიწოდებისას უმრავლეს ქსელს აქვს პირობა, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას იქ გასაყიდად,“ - აღნიშნა შპს „დაფნას“ წარმომადგენელმა ლევან პაპიაშვილმა.