საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „მზიური“ დირექტორის ლაშა გოცირიძის განცხადებით, მიწოდებული ფასის ზემოთ, რა ფასნამატი იქნება პროდუქტზე, გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ქსელები და დისტრიბუტორებს ამ მხრივ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ.

როგორც გოცირიძემ პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განმარტა, „ქეშბექები“ და სხვა ტიპის გადასახადები მნიშვნელოვან პრობლემაა კომპანიებისთვის.

„განსხვავდება „ქეშბექის“ პარამეტრი, პროდუქციის სახეობის მიხედვით, ჩვენ შემთხვევაში, „ქეშბექი“, პრომოები და სხვა მსგავსი აქტივობა - 2025 წელს გამოგვივიდა საშუალოდ 21%“, - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

„მზიურის“ დირექტორმა განმარტა, რომ კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია ხარჯების ოპტიმიზაციაზე.

„პირდაპირ დისტრიბუციას ვეწევით, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ჩვენი სასაწყობე მეურნეობა და იჯარის ხარჯი არ გვაქვს. დაახლოებით 7 000 მ²-ზე მეტი გვაქვს სასაწყობე ფართი და კიდევ ვავითარებთ; გვაქვს ავტოპარკი რომელიც მუდმივად ახლდება და ა.შ. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი ჩამოწერები - ვადაგასული და დაზიანებული პროდუქცია - საშუალოდ, 1.5%-ს შეადგენს.

2025 წლის მონაცემებით, ჩვენი სასესხო ვალდებულება ₾35 მილიონზე ნაკლებია. გაიზარდა საკუთარი კაპიტალიც და გაუმჯობესდა კაპიტალის სესხთან პროპორცია 63%-მდე. ჩვენი ოპერირების ხარჯი არის დაახლოებით 19%, საიდანაც 3.3% უკავია ფინანსურ ხარჯებს. ფინანსური ხარჯების შემცირება პროპორციულად შეამცირებს ჩვენს საოპერაციო ხარჯებსაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, და თუ ამის გაუმჯობესების საშუალება იქნება, მადლობელი ვიქნებით", - განმარტავს ლაშა გოცირიძე.

მისი თქმით, რაც შეეხება ქსელიდან თანხის ამოღების პერიოდს, ბოლო მონაცემებით, ის 106 დღემდე შემცირდა.