1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტაქსების ფედერაციის თავმჯდომარე ზურაბ აგლაძე აცხადებს, რომ ეს სიახლე მისასალმებელია და ტაქსის უცხოურ კომპანიებს არალეგალები რომ არ დაერეგისტრირებინათ, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დადგებოდა.

„მეც მოქალაქე ვარ და მქონია შემხებლობა უცხოელ მძღოლებთან. მინდა გითხრათ, რომ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ძალიან დაბალი კულტურაა მომსახურების - არ იციან ენა, არ იციან ადგილმდებარეობა. მით უმეტეს, როცა არალეგალები არიან, ეს თავისთავად დარღვევაა და უნდა გამოსწორდეს. მეორე საკითხია, საერთოდ რატომ არიან დარეგისტრირებულები ასეთი ადამიანები, ეს უკვე კომპანიების პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, ამ კატეგორიის, ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს გაცილებით ნაკლებს უხდიან. კომპანიებს უნდათ, გააფართოონ თავიანთი სერვისის წრე, მაგრამ რის ხარჯზე, ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ. „იანდექსი“, „ბოლტი“ - არანაირი უკუკავშირი მათგან არ არის. ამიტომაც არის ხოლმე გაფიცვები ხან ერთის წინააღმდეგ, ხან - მეორეს წინააღმდეგ. მოიფიქრეს, ამ ჭირვეულ ქართველებს ჩავანაცვლებთ უცხოელებითო და არ გამოუვათ ეს. რომ არ დაერეგისტრირებინათ კომპანიებს უცხოელები, საერთოდ არ დადგებოდა ეს საკითხი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნა და ტექნიკურად უკვე მზად არის ტაქსის გამოძახების ქართული აპლიკაცია, რომელსაც მძღოლებისთვის უფრო შეღავათიანი პირობები იქნება.