დიქტატურები უნდა დასრულდეს!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„ომის დაწყება არასდროს მახარებს, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ მოიტყუა, მოლაპარაკებები სასაცილოდ აიგდო და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხი მოკლა და აწამა. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ოპერაციის მიზანი იყო ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონში მოქმედი პროქსი-ჯგუფების შესაძლებლობების შეზღუდვა.

საპასუხოდ, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმას უპასუხებდა „პროპორციულად და გადამწყვეტად“. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა სარაკეტო და უპილოტო აპარატების შეტევები განახორციელა ისრაელის მიმართულებით და, გავრცელებული ცნობებით, რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაც.

რეგიონულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს — ნაწილმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ბოლო წლების განმავლობაში და ზრდის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკს სპარსეთის ყურისა და ლევანტის რეგიონში.

ამ ეტაპზე ვითარება კვლავ დინამიკურია და საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომად არ გადაიზარდოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადეს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები „ძალიან შემაშფოთებელია“.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს,“ – ნათქვამია ორი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ რეგიონში პარტნიორებთან კონტაქტში ვრჩებით. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

„ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.