საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და რეკომენდაციებს გასცემს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის მოძებნა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ, აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:

დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);

შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;

ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;

ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.

ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;

განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ, სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.

მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილებს!

მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს!

უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე: https://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/

ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას!“- ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, თავდასხმა განახორციელა, ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, „ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას“.

„ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კიდევ ერთი თავხედური თავდასხმა განახორციელა ჩვენი ძირძველი სამშობლოს — ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, თუმცა ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას. გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის საელჩო იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გეგმავს სათანადო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დროულად დაბრუნებას.

ირანში დასაბრუნებლად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ საელჩოს ვებგვერდსა და სხვა სანდო პლატფორმებზე ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებით. ირანი ძლევამოსილი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი აგრესიისგან. გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა“,- ნათქვამია განცხადებაში.