მსოფლიოს წამყვანმა ნავთობკომპანიებმა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა დროებით შეაჩერეს. გადაწყვეტილება ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე თავდასხმებსა და თეირანის საპასუხო ქმედებებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა გემების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება უკვე გასცეს, რაც სულ მცირე, რამდენიმე დღეს გასტანს.
თავის მხრივ, ევროკავშირის საზღვაო მისია Aspides-მა ინდუსტრიას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ესკალაციის ფონზე სავაჭრო გემებზე თავდასხმები გამორიცხული არ არის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ისრაელისა და ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ახალი იერიშების დაწყებით იმუქრებიან. უსაფრთხოების რისკების ზრდის პარალელურად, ევროკავშირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, საერთაშორისო წყლებში ეკიპაჟების სიცოცხლის დასაცავად ოპერატიული ზომები მიიღოს.
შეგახსენებთ, მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის გადაზიდვების დაახლოებით 20% სწორედ ჰორმუზის სრუტეზე მოდის, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებს აკავშირებს. სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტის გარშემო არსებული კრიზისი გლობალურ ენერგობაზარს მძიმე ტვირთად აწვება. ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტის გაფართოება და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის ხანგრძლივი შეფერხება საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებს უდიდეს ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.