ირანში "თითქმის ტოტალურად" გათიშულია ინტერნეტი, იმ ფონზე, როცა აშშ და ისრაელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ მასშტაბურ, კოორდინირებულ საჰაერო დარტყმებს.

ინტერნეტზე დამკვირვებელი ორგანიზაციის, NetBlocks-ის თანახმად, 28 თებერვალს ქვეყანაში ინტერნეტის მუშაობა 4 პროცენტამდე დაეცა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას, სამხედრო ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფონზე.

ციფრული გათიშვა მალევე მოჰყვა ირანში მოქმედი რამდენიმე ვებსაიტის, მათ შორის ოფიციალური სააგენტოს, IRNA-ს განცხადებას, რომ ისინი კიბერთავდასხმების სამიზნე გახდნენ.

NetBlocks-ი იუწყება, რომ ამჟამინდელი გათიშვა "ესადაგება ზომებს", რომლებიც ირანის ხელისუფლებამ გაატარა გასულ ივნისს, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს - ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ გათიშვა ახლაც სახელმწიფოს მიერაა გამოწვეული.

სამხედრო ოპერაცია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უწოდა "მასშტაბური საბრძოლო ოპერაციები", ისრაელთან ერთად დაიწყო, ირანის სარაკეტო და ბირთვული ინფრასტრუქტურის გაუვნებელყოფის მიზნით.

თეირანში განხორციელებულმა დარტყმებმა მიზანში ამოიღო ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უმაღლესი რიგები. როგორც იუწყებიან, რაკეტები მოხვდა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენციებს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმი" იუწყება, რომ საპრეზიდენტო სასახლისა და უზენაესი ლიდერის რეზიდენციის რაიონს მოხვდა სულ მცირე შვიდი რაკეტა. სააგენტო Reuters-ს წყარო ეუბნება, რომ დარტყმის მომენტში ხამენეი თეირანში არ იმყოფებოდა, მედიაში წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობები, რომ ორივე ლიდერი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. ამავე დროს, ისრაელის მე-12-ე არხი წყაროებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რომ დარტყმების შედეგად შესაძლოა ხამეინი მოკლულია, ან დაჭრილი. საჯაროდ უზენაესი ლიდერი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ირანის მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებოდა დარტყმაზე სკოლის ტერიტორიაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე მინაბის ოლქში. იუწყებიან, რომ დაიღუპა ათობით ადამიანი, უწინარესად სკოლის მოსწავლე გოგონები. ამ ცნობის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.

სააგენტო Reuters-ი ირანელ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დარტყმების შედეგად მოკლული არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები და ჩინოვნიკები. სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ მოკლულებს შორის შესაძლოა იყვნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ამირ ნასირზადე და რევოლუციის გუშაგთა მეთაური, მოჰამედ პაკპური.

Reuters-ი ასევე ავრცელებს ისრაელის არმიის განცხადებას, რომ მან დაასრულა ფართო იერიში ირანის რეჟიმის სტრატეგიული თავდაცვის სისტემაზე.

www.radiotavisupleba.ge