მოწყობილობის განბლოკვა მხოლოდ სახის ან თითის ანაბეჭდით – სმარტფონების ის იშვიათი ფუნქციაა, რომელიც დღესაც კი მომავალში ცხოვრების განცდას ტოვებს. წლების წინ მსგავსი ტექნოლოგიები მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია, მას ჩვენი მოწყვლადობის გაზრდაც შეუძლია.
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიომეტრია ყოველთვის ვერ იცავს სმარტფონში არსებულ მონაცემებს სამართალდამცავებისგან. მართალია, კანონმდებლობა, როგორიცაა აშშ-ის კონსტიტუციის მეოთხე შესწორება, ძირითადად იცავს ადამიანს PIN კოდის ან პაროლის გაცემის იძულებისგან, მაგრამ სასამართლოების პრაქტიკა აჩვენებს, რომ იგივე დაცვა ბიომეტრიულ მონაცემებზე არ ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, ხელისუფლებას შეუძლია აიძულოს ადამიანი, ტელეფონი სახის სკანერით ან თითის ანაბეჭდით განბლოკოს. სწორედ ამიტომ, პრესის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია მოუწოდებენ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, გამორთონ ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია და მოწყობილობის განსაბლოკად ტრადიციულ პაროლს დაუბრუნდნენ.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ მათ არ ეხებათ. სმარტფონის იდენტიფიკაციის ყველაზე მოსახერხებელმა ფუნქციამ შეიძლება ნებისმიერი მომხმარებელი დაუცველი დატოვოს. პრაქტიკაში მრავლად არის შემთხვევები, როცა ადამიანები მძინარე პარტნიორების ტელეფონებს სწორედ მათივე ბიომეტრიული მონაცემებით ხსნიან. გარდა ამისა, კრიმინალური ჯგუფები ხშირად აიძულებენ მსხვერპლს, მოწყობილობები კრიპტოვალუტის მოსაპარად განბლოკონ.
უფრო მსუბუქი, მაგრამ არანაკლებ საყურადღებო სცენარია მშობლებისა და ბავშვების შემთხვევა. ხშირად ბავშვები მძინარე მშობლებს ტელეფონს სახესთან მიუტანენ ან თითს დაადებინებენ, რათა ღამის საათებში ინტერნეტზე დაწესებული პროგრამული შეზღუდვები მოხსნან. ფაქტი ერთია: თუ ვინმეს სხვის ტელეფონზე წვდომა სურს და მფლობელი ფიზიკურად იქვეა, მიზნის მისაღწევად მხოლოდ მისი სახე ან თითია საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია თანამედროვე სმარტფონების ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მახასიათებელია, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ნათლად აჩვენებს მის რისკებს. მათთვის, ვინც თვლის, რომ ბიომეტრიამ შეიძლება დაუცველი დატოვოს, ამ რისკის შესამცირებლად მარტივი გამოსავალი არსებობს.
ყველაზე რადიკალური გზა სმარტფონზე ბიომეტრიული დაცვის სამუდამოდ გამორთვაა. ეს ნიშნავს, რომ ეკრანის განსაბლოკად ყოველ ჯერზე პაროლის შეყვანა გახდება საჭირო. მართალია, ეს რამდენიმე წამით მეტს წაიღებს, მაგრამ სამაგიეროდ, ვერავინ შეძლებს მძინარე ადამიანის ტელეფონის გახსნას. iPhone-ზე ამის გასაკეთებლად საჭიროა პარამეტრებში გადასვლა, Face/Touch ID and Passcode-ის არჩევა და iPhone Unlock ფუნქციის გათიშვა. Android-ის მომხმარებლებისთვის ეს პროცესი მოდელების მიხედვით ოდნავ განსხვავდება. მაგალითად, Pixel-ის ტელეფონებზე თითის ანაბეჭდით განბლოკვის გათიშვა შესაძლებელია პარამეტრებიდან, Security and privacy განყოფილებაში Device unlock-ის არჩევითა და რეგისტრირებული ანაბეჭდების წაშლით.
ბუნებრივია, სახის ანაბეჭდით ან თითის სკანერით სარგებლობა თანამედროვე ცხოვრების ისეთი დიდი კომფორტია, რომელზეც სამუდამოდ უარის თქმა ბევრს გაუჭირდება. მათთვის, ვისაც დამატებითი უსაფრთხოება სურს, მაგრამ ფუნქციის სრულად გათიშვა არ უნდა, იდეალური ალტერნატივა მოწყობილობის გადატვირთვაა.
როდესაც ტელეფონი ითიშება და თავიდან ირთვება, ბიომეტრია ვეღარ ხსნის მოწყობილობას, სანამ პაროლი არ იქნება შეყვანილი. ამ ხრიკს ხშირად იყენებენ საზღვრის გადაკვეთისას ან პოლიტიკურად დაძაბულ მოვლენებზე დასწრებისას. ეს ასევე მშვენიერი მეთოდია დაძინებამდე, თუ არსებობს ეჭვი, რომ ბავშვები მშობლის ჩაძინების წუთებს ელოდებიან ტელეფონის ხელში ჩასაგდებად.
წყარო: Fastcompany; www.marketer.ge