ევროკავშირი 500 მილიონ ევროს ჩადებს სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაციასა და გაძლიერებაში, – განაცხადა გაფართოების პოლიტიკის ევროკომისარმა მარტა კოსმა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით საუბარია, ორ ქვეყანას შორის ახალი, 400 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე.
„ეს არის 500 მილიონი ევროს ინვესტიცია, სომხეთის ენერგეტიკული სისტემის საქართველოსთან დასაკავშირებლად და ჩვენ უკვე ვმუშაობთ სომხეთ-თურქეთის ენერგეტიკულ სისტემაზე. რატომ? იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე“, – თქვა კოსმა სომხურ მხარესთან შეხვედრაზე.
კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის მიზანია ამიერკავკასიაში ენერგიის გაცვლის უზრუნველყოფა სომხეთისა და საქართველოს ელექტროქსელების სინქრონიზაციის გზით.