საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტისა და აგრარული სექტორის მიმართულებით. თანამშრომლობის გაფართოება ასევე იგეგმება მეცნიერების, განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და დინამიკური განვითარების ფართო პერსპექტივა გააჩნია.
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში 2026 წლის 19-20 ივნისს გაიმართა. კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში გამართული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების გზაზე და, მათი შეფასებით, ტაჯიკეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ახალი გვერდი გადაიშალა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ეყრდნობიან ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, ასევე 1994 წლის 4 აგვისტოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ პარტნიორობა და ეფექტიანი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ტაჯიკეთმა და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა გამოხატეს მტკიცე სურვილი, გააღრმაონ მეგობრული ურთიერთობები და განავითარონ თანამშრომლობა სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
კომუნიკეში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების გაძლიერებას. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა ტაჯიკეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა.
მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. მათ გამოთქვეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციური და ენერგეტიკული სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობის გაძლიერებას სამთო-მეტალურგიის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. მხარეებმა ასევე მიესალმნენ ტაჯიკეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და აღნიშნეს მისი აქტიური საქმიანობის მნიშვნელობა.
კომუნიკეს მიხედვით, სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად არის აღიარებული. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასა და ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას. ასევე გამოითქვა მზადყოფნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.
ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, კვლევითი ცენტრებისა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კავშირების განვითარებას.
მოლაპარაკებების შედეგად ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძველს არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის.