არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა გარკვეული გამოწვევის წინაშეა. მართალია, უკვე პრეზიდენტიც არჩეულია და ფაქტობრივად, ყველა სახელისუფლებო შტოს დაკომპლექტების პროცესი დასრულდა, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტი მაინც გრძელდება, რაც ეკონომიკაზე იმოქმედებს. სპეციალისტები შექმნილ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ეკონომიკური წინსვლა დაამუხრუჭოს. ნაწილს საპირისპირო მოსაზრება აქვს და ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზულ ვარდნას პროგნოზირებს.

სპეციალისტები  აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ნოდარ კაპანაძე  ფიქრობს, რომ რისკი ნაკლებია, თუმცა ინვესტორები, რომლებიც პროცესებს გარედან აკვირდებიან, მეტ რისკებს ხედავენ და პასიურობენ, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა პრობლემა დაძლევადია.

,,არ მგონია, ამ პროტესტმა ეკონომიკა სერიოზულად გააჩეროს, თუმცა ,,ქარიშხალი ჭიქაში", რაც  მედიიდან თითქოს მასშტაბურ პროტესტად მოსჩანს, არასასურველ  ზემოქმედებას მოახდენს.  მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი გავლენა არ იქნება.

რა თქმა უნდა ყველაზე  მეტად ტურიზმს დააზარალებს. მაგალითად,  თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტი  - რუსთაველი - მიმოქცევიდან ამოღებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, საპროტექტო აქციებს, კარგი გავლენა არასდროს არ აქვთ. ჩემი შეფასებით, პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ  საგრძნობლად იმოქმედოს ეკონომიკაზე. დიდთოვლობამ შეიძლება უფრო მეტად დაგვაზარალოს, ვიდრე უშუალოდ ამ პროტესტმა, თუმცა გამოწვევები რჩება.

ინვესტიციებზე აუცილებლად იმოქმედებს. საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც პროცესებს გარედან აკვირდება და პროცესს მედიის მეშვეობით ეცნობა, ეს გამოსვლები მასშტაბურად ეჩვენება და ცხადია, ვერ გარისკავს.

რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, ამ მხრივ გარკვეული რყევა გვექნება. ტენდენცია გაგრძელდება დროგამოშვებით, თუმცა მასშტაბური გაუფასურების საფრთხე ნამდვილად არ იკვეთება, უფრო მცირე რყევებია", - განაცხადა კაპანაძემ  და დასძინა, რომ საპროტესტო გამოსვლებს ეკონომიკისთვის დიდი გართულებები არ მოჰყვება, რის იმედსაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა.

,,პროტესტი  ამდენხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. არ მესმის, რა მიზანი აქვს. არჩევნები უკვე ჩატარდა, გაყალბებაზეც არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არის  დასკვნები, ყველამ ვნახეთ, რომ გაყალბება არ დადასტურდა. კონკრეტული მოთხოვნები, რაც რეალობას შეესაბამება, არ ჩანს. პროტესტისთვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა როდის მობეზრდებათ ქუჩებში გამოსვლები, ძნელად სავარაუდოა.

სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი უცვლელი დარჩა, რაც საკმაოდ ოპტიმისტურია. თუ რაღაც არ გააკეთეს შეგნებულად, პროგნოზი - ეკონომიკური ზრდის 7,5%-იანი მაჩვენებელი - არ უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ხელისუფლება მოახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკაში დიდი გართულება არ მოხდება. მთავარია, სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოქცეს ", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

საპირისპირო მოსაზრება აქვს ეკონომისტების მეორე ნაწილს, რომელიც გამოწვევებზე საუბრობს და პირდაპირ აცხადებს, რომ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, რის გამოსწორებასაც მერე დიდი დრო დასჭირდება.

,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი, ანალიტიკოსი პაატა შეშელიძე ყველაზე დიდ პრობლემად ინვესტიციებს, ლარის კურსს და ბიზნესის კლიმატის გაუარესებას მიიჩნევს, რაც დომინოს პრინციპით ეკონომიკის თითქმის ყველა დარგისთვის გადამდებია.

,,ჩვენ გვაქვს მოცემულობა: არის გამოწვევები, რომლის გადაწყვეტა ჯერჯერობით ვერ მოხერხდება. ბევრი ადამიანი ვერ მუშაობს, ვერ ქმნის პროდექციას, კომპანიების ნაწილი  გაჩერებულია. არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებით უჭირთ, ვერაფერს აკეთებენ. ვინც სამსახურში ფიზიკურად დადის, ამბობს, რომ დიდ ზარალს განიცდის.  მოქალაქეები თავიანთ პოტენციალს ვერ ავლენენ.

მეორე მხარეა ის, რომ ჩვენ გვაქვს არასახარბიელო ვითარება. ლარის კურსი უფასურდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მცირე გამყარების პოტენციალი არსებობს, მაგრამ დიდი პერსპექტივა არ არის. ინვესტიციები შემცირებულია, აქაც ჩავარდნაა. ჩვენს დიპლომატებს შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტონ, გარკვეული სანქციებია და ეს ყველაფერი ეკონომიკაზე რასაკვირველია იმოქმედებს.

ასეთ ფონზე ხალხი გრძელვადიან გეგმას ვერ აწყობს. ხელისუფლების შენარჩუნება ვისაც უნდა, იმათ ადამიანების და ბიზნესის ბედი არ აინტერესებთ, არამედ ვიწრო მიზნები ამოძრავებთ, ახლა ჩიხში ვართ", - აღნიშნა შეშელიძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ბიზნესის პროტესტი, რაც ეკონომიკისთვის ასევე საზიანოა.

,,სამასი  საწარმოა, რომელიც პროტესტს აცხადებს და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვს. ბუნებრივია, ამ ვითარებაში ინვესტიციები ვერ წამოვა, ამას აღრმავებს ისიც, რომ ბიზნესი ვერ რისკავს, თუ სასამართლო და პოლიციაც მიკერძოებულია, იქ ბიზნესის კეთება არავის  მოუნდება.

ერთ-ერთი სფერო, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ მუშაობს, ციფრული სამყაროა, რასაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რაც ფიზიკური საქმიანობაა - ქარხნები, საწარმოები და სხვა, იქ უკვე დიდი ჩავარდნაა", - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ინდიკატორებს, ცნობილია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ბოლოს  ოქტომბერში გადახედა, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად, 7.55%-ით გაიზრდება.

შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81 პროცენტით უფრო მაღალ მაჩვენებელს მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი სსფ საქართველოში 6%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია.

რაც შეეხება ლარის კურსს, 16 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.88 თეთრი შეადგინა და ახლა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8160-ის ნიშნულზეა, "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფorმაზე კი უკვე 2.80-ის ფარგლებშია.

წყარო: რეზონანსი