საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას.
მათი ინფორმაციით, ორშაბათს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე მოვლენები მათ ავალდებულებს, სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ „სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი კვლავ ვითხოვთ, რომ საქართველოს პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის.
ორშაბათს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ვმართავთ პრესკონფერენციას.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა.
ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ.
მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მსჯელობისთვის.
მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან.
მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.
ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.
სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.
სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.
გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია.
მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.