მოსკოვში მცხოვრები სირიელები, ასადის დამხობის შემდეგ, შეშფოთებულები არიან
სირიელი ქრისტიანი ქალი, ჯორჯინა დეირატანი, რომელიც მოსკოვში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, ამბობს, რომ დღემდე შოკირებულია პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობით და რუსეთში მისი გაქცევით. „ყველა მეუბნება: „გილოცავ“, მაგრამ ჩემთვის ეს სირიის დასასრულია“,- ამბობს 37 წლის ქალი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათასი სირიელიდან, ვინც რუსეთის დედაქალაქშია დაბინავებული. იგი ხაზს უსვამს, რომ გაიზარდა ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა თემები ჰარმონიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ასადის და მისი მამის ნახევარსაუკუნოვანი დიქტატურის სისასტიკეს საერთოდ არ ახსენებს.
„ჩვენ კარგად ვცხოვრობდით ერთად, - განაგრძობს დეირატანი, რომელიც პროფესიით ექიმია და მამის გარდაცვალების შემდეგ, რუს დედასთან საცხოვრებლად, მოსკოვში გადავიდა, - მე ჩემს მეგობრებს რამადანი მივულოცე, მათ კი შობა მომილოცეს“. დეირატანი არ მალავს, რომ სულ რამდენიმე დღეში დიქტატურის ჩამოშლა მისთვის შოკი იყო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებაში ახლა უკვე ისლამისტი მეამბოხეები არიან. ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა“ და მისმა მოკავშირე მეამბოხეებმა ასადი ამ თვის დასაწყისში გადააყენეს.
თავის დროზე, ეს რადიკალური სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება დასავლეთის მთავრობებმა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ბოლო დროს ის ცდილობს, რიტორიკა შეარბილოს და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რელიგიური და სხვა უმცირესობების უფლებები დაცული იქნება. მაგრამ დეირატანი ამაში დარწმუნებული არ არის. „ტერორისტი ტერორისტად რჩება, რასაც არ უნდა ამბობდეს“, - ამბობს ის. სირიაში მისი ქრისტიანი თანამემამულეების ბედის გამო, მას „ძალიან ეშინია“.
„ყველას ეშინია“
რუსეთს სირიასთან ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ჰქონდა მჭიდრო კავშირები. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში მცხოვრები სირიელების თემი 2017 წელს დაახლოებით 7000 ადამიანს შეადგენდა, აქედან 2000-ს თავშესაფარი ჰქონდა მიღებული. 33 წლის ინჟინერი, სახელად ალი, რომელიც ორი წელია მოსკოვში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისიც შეშფოთებულია. „ისინი, ვინც ახლა სირიის ხელისუფლებაში მოვიდა, ტერორისტების სიაში შედიან და ეს დიდ საფრთხეს უქმნის სირიის უმცირესობებს“, - აღნიშნა მან.
ალი წარმოშობით დასავლეთ სირიიდან, კერძოდ კი ლატაკიიდან არის და და ისლამის შიიტურ განშტოებას, კერძოდ კი ალავიტების უმცირესობას მიეკუთვნება, ისევე როგორც გადაყენებული პრეზიდენტი ბაშარ ასადი. ალის არ სურს მისი სრული სახელის გამჟღავნება იმის შიშით, რომ არ იცის, ეს რა შედეგის მომტანი იქნება მისი მშობლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სირიაში ცხოვრობენ. „ლატაკიაში ყველას ეშინია. მათ (მეამბოხე ისლამისტებმა) ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზის ქანდაკებები აიღეს და მისი საფლავი გაანადგურეს. ახალი ხელისუფლება ხალხის დაშინებას ცდილობს და ამბობს, რომ ამაზე არ გაჩერდება“, - განაცხადა ალიმ.
ალის თქმით, მისთვის გასაგებია ხალხის რისხვა ასადის მიმართ, რომელიც მას შემდეგ, რაც მოსკოვში გაიქცა, არავის უნახავს. „ჩვენ არ ვცდილობთ ძველი რეჟიმის დანაშაულების დამალვას... ასადის რეჟიმი მოსახლეობისგან ფულის გამოძალვის მანქანა იყო. ჯარისკაცები სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მათ ასადისთვის ბრძოლა არ ისურვეს“, - აღნიშნა მან. დეირატანი კი ამბობს, რომ ასადი „ველური ცხოველი“ იყო, მაგრამ სირიელებმა „მისი წესებით ცხოვრება ისწავლეს“.
„რას შეიძლება ველოდოთ ახლა? მეორე ავღანეთს? მაშინ, სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ჩემს სამშობლოს“, - გაურკვევლობაშია დეირატანი.
წყარო: 1 არხი