კატარი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ შეწყვეტს გაზის ექსპორტს, თუ ევროკავშირის ქვეყნები დააწესებენ საჯარიმო სანქციებს ახლად მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში კატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად შერიდა ალ-კააბიმ განაცხადა.
„თუ ევროპაში პროდუქციის მიწოდებით ჩემი შემოსავლის 5%-ს დავკარგავ, მე არ მივაწვდი მას ევროპას“, – განაცხადა ალ-კააბიმ ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში ძალაში შევიდა ევროკავშირის დირექტივა კორპორატიული მდგრადობის კომპლექსური შემოწმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კომპანიების დაჯარიმებას წლიური გლობალური შემოსავლის 5%-მდე ოდენობით, თუ მათი ხელმძღვანელობა ვერ გადაჭრის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ან გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის პრობლემებს.
შეგახსენებთ, კატარი გახდა გათხევადებული ბუნებრივი აირის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ევროპისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა შეამცირეს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულ გიგანტ QatarEnergy-ს გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან.
ევროკავშირის ქვეყნებმა ახალი წესები ეროვნულ კანონმდებლობაში 2026 წლამდე უნდა აამოქმედონ, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, წესები კომპანიებზე გავრცელდება, მათი ეტაპობრივი ამოქმედებით ძალაში შესვლიდან სამი-ხუთი წლის განმავლობაში.
აღნიშნული დირექტივა არის ევროკავშირის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კორპორატიული პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანას მის მიზანთან – 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევასთან.
წყარო: 1 არხი