ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ არის, მაგრამ, როგორც ფერმერთა უმეტესობა ამბობს, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნარინჯისფერი რთველით ყველა მხარე იყოს კმაყოფილი - სახელმწიფოც, ბიზნესიც და მოსახლეობაც.  მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. 20-ზე მეტი საწარმო ჩაერთო პროცესში და შეისყიდა ციტრუსი როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტოდაც. მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ მოსავლის წარმოების, ასევე ექსპორტის საკითხებში არანაირი შეფერხება არ იყოს.

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,  აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკას, რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს.

აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ გადამხარისხებელი  საწარმო იღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს შეუფერხებლად იღებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამამუშავებელი ქარხანა.

როგორც ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ირაკლი ონიანმა აღნიშნა, არასტანდარტული 1 კგ მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით - 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა. შედარებისთვის, თუკი 2023 წელს 25 თეთრი  იყო სახელმწიფოს დაფინანსება, ხოლო 5 თეთრი საწარმოები იხდიდნენ,  წელს უკვე  35 თეთრია სახელმწიფოს დახმარება, რასაც საწარმოების მიერ 5 თეთრი ემატება. შესაბამისად,  1 კილოგრამი არასტანდარტული ციტრუსი ფერმერს 40  თეთრით უნაზღაურდება.

ირაკლი ონიანის განცხადებით, ყველა საწარმო მობილიზებულია და ციტრუსის ჩაბარების პროცესი ბოლო ეტაპზეა. წელს აჭარაში საბოლოოდ 45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

"აჭარაში დაახლოებით 25-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო არსებობს, რომელიც ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშია განთავსებული. მუშაობს ასევე ორი საწარმო, რომელიც არასტანდარტულ ციტრუსს გადაამუშავებს. ისინი პროდუქციისგან იღებენ შესაბამის კონცენტრაციას და შემდეგ ექსპორტს ახორციელებს.

მიმდინარე წელს დაახლოებით 45 ათასი ტონა მოსავალი იქნება მხოლოდ აჭარაში, საიდანაც უმეტესი ნაწილი ექსპორტს დაექვემდებარება. მაქსიმალური კეთდება, რომ სარგებელი ყველა ფერმერმა მიიღოს. ცხადია, ეს ეხება არასტანდარტული მოსავლის ნაწილსაც, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გარკვეული ნაყოფი არასტანდარტულზე პროდუქციაზე მოდის და ფიზიკურად ექსპორტირებას არ ექვემდებარება. ასეთი მოსავალი გაუყიდავი არ დარჩება და სრულად გადამუშავდება.

სამ კვირაზე მეტია, გადამამუშავებელი საწარმოები აქტიურად მუშაობენ და  შეუფერხებლად ახერხებენ არასტანდარტულ ი და დაზიანებული მოსავლის მიღებას", - განაცხადა ირაკლი ონიანმა.

რაც შეეხება ექსპორტს, მისივე ინფორმაციით, წელს ქართული ციტრუსი 6  საექსპორტო ბაზარზე გადის. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ ბაზრებთანაც და შეიძლება საექსპორტო არეალი კიდევ უფრო გაიზარდოს.

,,ჩვენი პროგნოზით, წელს 7-დან 8 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსია. ახლა შუა სეზონია, 6-მდე ქვეყანაში, ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზე იგზავნება ციტრუსი და მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც.

წლევანდელი მოსავალი რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ხარისსხი აშკარად უკეთესია. მცენარეს ახასიათებს ე.წ. მეწლეობა, ამიტომ ცოტათი ნაკლები მოსავალია, მაგრამ ხარისხიანი. ამ ეტაპისთვის თუკი რაიმე გამოწვევებია, ეს უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს და კლიმატური პირობებიდან გამომდინარეა.

ლოგისტიკაში გარკვეული შეფერხებებია დიდთოვლობის გამო, მაგრამ საგზაო დეპარტამენტი ოპერატიულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პროდუქტის გადაზიდვა არ შეფერხდეს. მიმდინარეობს ასევე საზღვაო გადაზიდვები უკრაინის მიმართულებით, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. 90%-ზე მეტი მოსავალი ჩაბარებულია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ე.წ. ტრადიციული ბაზრებია - რუსეთი, ბოლორუსი, უკრაინა და შუა აზიის ქვეყნები", - აღნიშნა ირაკლი ონიანმა.

,,იბერია ორბის ციტრუსი"  ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ციტრუსის სუბსიდიის პროცესში ჩაერთო. ქარხნის დირექტორი ილია ყარალაშვილი ადასტურებს, რომ  სუბსიდია ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა, რაც ფერმერებს მოწეული პროდუქტის რეალიზაციაში ეხმარება და მოსახლეობის შემოსავლების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

,,ფერმერებს ყველა პირობა აქვთ, რომ პროდუქცია დახარისხდეს, დასაწყობდეს და შედარებით დაბალხარისხიანი მანდარინი შეუფერხებლად გაყიდონ. ნაწილი ექსპორტზე გადის და ნაწილიც გადამუშავდება, რათა მისგან შესაბამისი პროდუქცია დამზადდეს. რაც

შეეხება ,,იბერია ორბის ციტრუსის" როლს, მოსავლის შესყიდვა დავიწყეთ და უკვე 2 ათას ტონაზე მეტი გადავამუშავეთ. ეს არის არასტანდარტული მანდარინი, რისგანაც კონცენტრატებს ვამზადებთ. ამასთან, სტანდარტული ციტრუსის პირველი პარტია გავუშვით ექსპორტზეც. კარგი შედეგი გვაქვს და ჩვენთან ერთად კმაყოფილია მოსახლეობაც, რასაც განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა. ფერმერებს არანაირი ხარჯის გაწევა არ უწევთ, შეუძლიათ მოვიდნენ და ჩააბარონ მოსავალი. მაქსიმალურად კომფორტული გახდა ეს პროცესი, ნამდვილად დიდი სიკეთე გაკეთდა, გადაუჭარბებლად შემიძლია ეს ვთქვა.

მანდარინის შემდეგ, გადავალთ ფორთოხალზე და შემდეგ უკვე სხვა ხილზეც, რათა მაღალი ხარისხის კონცენტრატები დავამზადოთ. ქარხანა მთლიანად ევროპულ სტანდარტზეა, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი, რაც ბევრი ასეთი საწარმო იფუნქციებს, მხარეც ძლიერი იქნება და მშრომელიც, მეტი მოტივაცია მიეცემათ, ამაზე ვართ ორიენტირებულები", - განაცხადა ილია ყარალაშვილმა.

ფერმერების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს მოსავალი შეუმცირდა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მყარი გარანტია აქვთ და ამ დროისთვის გაუყიდავი ციტრუსი, ფაქტობრივად, არ დარჩენილა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი პაატა ქათამაძე კრეფას უახლოეს დღეებში დაასრულებს.

,,ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს, ამიტომ წლევანდელი სეზონი ნაკლებად მოსავლიანია. მე მოსავალი დაზღვეული მაქვს და სხვებთან შედარებით, მშვიდად ვიყავი. ამის მიუხედავად, ანაზღაურების საჭიროება არ შექმნილა, დანაკარგი არ არის ისეთი, რომ დაზღვევის კომპონენტი ჩამერთო.

შარშან 5 ტონამდე დავკრიფეთ, წელს 4 ტონამდეა. კარგად მოვუარეთ მოსავალს, წესების მაქსიმალური დაცვით, რაც ხარისხზეც აისახა. ვსარგებლობ სუბსიდიითაც.  ამაში ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობა ძალიან დაგვეხმარა.

მუდმივად გვაქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ყველა საჭირო რეკომენდაცია დროულად მივიღეთ, რაც დასაფასებელია“, - ამბობს ფერმერი.

ამდენად, დღესდღეობით ყველა პირობაა, რომ წელს ციტრუსის რეალიზაცია შეუფერხებლად მოხერხდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ქვეყანაში ნარინჯისფერი რთველი სულ უფრო წარმატებული ხდება. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება ექსპორტზე, რისი გარანტიც ქართული პროდუქტის მაღალი ხარისხია.

2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან  23.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 13.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავდა 4 500 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც  1.5 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა.

წლევანდელი მოსავალი რაოდენობრივად ნაკლებია, მაგრამ ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მაღალ ფასსაც განაპირობებს და წარმატებული ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.

წყარო: რეზონანსი