აფხაზეთი თბილისს დენის მიწოდების გაზრდას სთხოვს, თანაც პრაქტიკულად უფასოდ, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ფული გამოელია. ამის მიზეზი რუსეთიდან დაფინანსების შემცირება გახდა, რის გამოც სეპარატისტებს ხელფასების დარიგება სწორედ იმ რეზერვიდან მოუწია, რომელიც ელექტროენერგიის შეძენისთვის ჰქონდათ განსაზღვრული. როგორც „რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი ქართული მხარე აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდებას არ აპირებს.
ოკუპირებულ აფხაზეთს დენით მომარაგების ორი წყარო გააჩნია. ერთია ენგურჰესი და მეორე - რუსეთი. ენგური ახლა გაჩერებულია და დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე ასეთი მოცემულობა იქნება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მეორე წყაროს, რუსეთს - ამაში ოკუპირებული აფხაზეთი ფულს იხდის, ანუ რეგიონი ენგურიდან დენს უფასოდ იღებს, რუსეთისგან კი ყიდულობს.
ახლა, როდესაც ენგური გაჩერებულია, აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ამიტომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თბილისისგან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდას ითხოვს. ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს" წარმომადგენელს დაავალა, საკითხი ქართულ მხარესთან განიხილონ და მათი შემოთავაზებაა, ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა, ზაფხულში ბარტერული დაბრუნების სანაცვლოდ.
ამის პარალელურად ცნობილია, რომ რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო (ეს მოსკოვის საპასუხო ნაბიჯია აფხაზეთში პრორუსული კანონების წინააღმდეგ აგორებული პროსტესტის გამო) აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენად გათვალისწინებული რეზერვებიდან დარიგდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ კომერციულ ფასად ელექტროენერგიის შეძენა პირველი ნოემბრიდან დაიწყო, მაგრამ თანხები, რომლებიც დარეზერვებული იყო რუსეთიდან დენის შესაძენად, გადაამისამართეს სახელმწიფო სექტორის თანამშრომლთა ხელფასებისთვის.
„ამით აიხსნება ფულადი სახსრების დეფიციტი, რომელსაც დღეს ვაწყდებით," – განაცხადა ნანბამ და დასძინა, რომ 1,8 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ფინანსური დახმარება, რომელიც შეჩერდა, დე ფაქტო რესპუბლიკის საკუთარი შემოსავლიდან ანაზღაურდა.
როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა? ვითარება თითქოს მარტივია, მაგრამ არც ისეთი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორც ენერგეტიკოს გია არაბიძეს აქვს ინფორმაცია, ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს იმპორტირებული ენერგიით აფხაზეთი უფასოდ მოამარაგოს.
„ცოტა ხნით პოლიტიკა გადავდოთ გვერდზეე და ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით ვისაუბროთ. ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგების წყარო არის რუსეთი და ენგური. ენგურში ისეთი არაფერი ხდება, რაც არ ხდებოდა შარშან ამ დროს, შარშანწინ ამ დროს და ა.შ. ენგური ამ პერიოდში მუშაობდა მოდინებაზე, რა წყალიც შემოვიდოდა, გადამუშავებული ელექტროენერგია მიდიოდა აფხაზეთში. ეს არის დაახლოებით 2.5 მილიონი კვტ/სთ დღე-ღამის განმავლობაში. დაახლოებით 3.5 მილიონი კვტ/სთ შედის რუსეთიდან და ჯამში დღიურად აფხაზეთის მიწოდება არის 5-6 მლნ კვტ/სთ ან ნაკლები.
შარშან ამ დროს აფხაზეთის მოხმარება იყო დაახლოებით 8.5-9 მილიონი კვ/სთ. გამოდის, რომ 40%-ით ნაკლები ენერგიას მოიხმარს დღეს აფხაზეთი, რადგან მიწოდება შეამცირა რუსეთმა, თორემ ენგური დარჩა ისე, როგორც ადრე იყო.
აქ კიდევ სერიოზული პრობლემაა, რუსეთის ელექტროენერგიის კომერციული ფასი, რომელიც აფხაზეთმა უნდა გადაუხადოს რუსეთს, დაახლოებით 2-ჯერ მეტია იმ ტარიფზე, რომელიც აფხაზმა მოსახლემ გადაიხადოს დენის მოხმარებისთვის. სულ რომ 100%-ით ამოიღოს აფხაზეთმა მოხმარებული ელექტროენერგის საფასური მაინც არ ეყოფა რუსეთში ნაყიდ დენს ეს თანხა. ამ დროს კი ამოღება 50-60%-იც კი არ არის.
თუ რუსეთი არ აწვდის აფხაზეთს დენს თანხის გარეშე, რატომ უნდა მიაწოდოს საქართველომ უსაყიდლოდ? თანაც ჩვენ ხომ ეს ელექტროენერგია უნდა შევიძინოთ, ანუ იმპორტის ხარჯზე უნდა მოხდეს მომარგება? ამიტომ იდეოლოგიურად არ არის სწორი და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ხელმძღვანელობა არ აპირებს იმპორტული ენერგიით აფხაზეთი უფასოდ მოამარაგოს.
არის მეორე ვარიანტი, რომელი ჩემი სუბიექტური აზრია. ხომ არ არის რაღაც მომენტი, როდესაც აფხაზს რუსეთზე მეტად დასჭირდა საქართველო? ხომ არ გაჩნდება ამ ურთიერთობის გამო რაღაც ჯგუფი აფხაზეთში, ვინც იტყვის, რომ როდესაც გაგვიჭირდა, ისევ ქართველი დაგვიდგა გვერდით..." - ამბობს გია არაბიძე.
მიმდინარე პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია დილას და საღამოს 1 საათი და 20 წუთით მიეწოდება. სეპარატისტულ რესპუბლიკაში საშინელი ენერგოკრიზისია. კიდევ ერთი ენერეტიკოსი თემურ ჭიჭინაძეს ფიქრობს, რომ საქართველოს არ აქვს იმდენი ფუფუნება, რომ ელექტროენერგია შეიძინოს და აფხაზეთს უფასოდ მიაწოდოს.
„ეს პოლიტიკური საკითხია, ამიტომ ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ყველამ ვიცით, ენგურის გამომუშავების 40% ოკუპირებულ აფხაზეთში მიდის უფასოდ და ელექტროენერგიაში ფულს ისედაც არასოდეს იხდიდნენ.
ახლა ენგური გაჩერებულია, ამიტომ საქართველომ უნდა შეისყიდოს ელექტროენერგია და ოკუპირებულ აფხაზეთს მისცეს უფასოდ? მათ თავისი ურთიერთობიდან გამომდინარე, აქვთ იმის საშუალება, რომ რუსეთმა მიაწოდოს დენი, მაგრამ ისინი უფასოდ არ აძლევენ ელექტროენერგიას. რა გამოდის, ჩვენ გაზრდილი ტარიფით უნდა შევიძინოთ დენი და მივცეთ უფასოდ აფხაზეთს? მე მგონი, ამის ფუფუნება ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს", - ამბობს ჭიჭინაძე.
გუშინ, დღის ბოლოს „ენგურჰესის“ წარმომადგენლობამ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის მოთხოვნას უპასუხა. „ენგურჰესის“ პასუხში ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე კომუნიკაცია მუდმივად არსებობს და ჰიდროელექტროსადგური გადაწყვეტილებებს მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იღებს.
„როგორც იცით, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ისეა მოწყობილი, რომ მისი ნაწილი მდებარეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწილი კი - სამეგრელოში. შესაბამისად, ენგურჰესის წარმომადგენლებს აქვთ მუდმივი კომუნიკაცია აფხაზურ მხარესთან, მათ შორის, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით.
ამ მხრივ ვალერი ბგანბას განცხადება რაიმე სიახლე არ არის და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს მუდმივი სამუშაო პროცესია, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა" გაავრცელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას დაიწყებს. მთლიანობაში, ეს იქნება 327 მილიონი კილოვატ საათი .