„ბლუმბერგის“ ცნობით, ირანი ქირაობს ბავშვებს ევროპაში ისრაელის სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. როგორც სააგენტო წერს, ისრაელის ომი ირანის მარიონეტულ ძალებთან, ევროპაში თავდასხმებს იწვევს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კუთხით მოწყვლადები სკანდინავიური ქვეყნები არიან. ამის მაგალითად „ბლუმბერგს“ ამ ქვეყნებში ისრაელის საელჩოებთან მოწყობილი აფეთქებები და თავდასხმები მოჰყავს.
გამომძიებლების თქმით, ეს ახალი ტენდენციის ნაწილი, რომლის დროსაც ირანთან დაკავშირებული პირები ადგილობრივ კრიმინალებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ქირაობენ ევროპაში ებრაულ და ისრაელის სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.
ნორვეგიის თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის მკვლევრის, პიტერ ნესერის თქმით, ირანის რეჟიმის სახელით მოქმედი პირები პოტენციურ დაქირავებულებს უკავშირდებიან ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Telegram, TikTok ან WhatsApp. ნესერის თქმით, ფასები იწყება დაახლოებით 1,500 ევროდან მკვლელობისთვის, ხოლო მოლოტივის კოქტეილით თავდასხმა შეიძლება მხოლოდ 120 ევრო დაჯდეს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ახალგაზრდების ნაწილი მოტივირებულია იმედგაცრუებით ისრაელის სასტიკი ომით ღაზაში, სხვები კი უბრალოდ გასამრჯელოთი არიან დაინტერესებულები. სააგენტოს აღნიშნავს, რომ მოზარდის ასაკი თუ 15 წელს არ აღემატება, მათი სამართლებრივი დევნა არც შვედეთში და არც ნორვეგიაში არ შეიძლება.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, შვედეთი წლების განმავლობაში ებრძვის ორგანიზებულ კრიმინალური დაჯგუფებებს, რომლებიც ცდილობენ მიგრანტი ახალგაზრდების გადაბირებას. ამასთან, ბოლო გამოკითხვებში, შვედეთში მცხოვრები მიგრანტების 40% ამბობს, რომ თავს არ გრძნობს შვედურ საზოგადოებაში ინტეგრირებულად. სიღარიბე და სხვა პრობლემები კი მიგრანტების გადაბირებას აადვილებს.
წყარო: 1 არხი