საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ გადახედა და 2026 წლისთვის 6.5%-ის ნაცვლად 7.5%-იან ზრდას ვარაუდობს.

სააგენტოს განახლებული შეფასებით, პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი 2026 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის მაღალი მაჩვენებლებია. აღსანიშნავია, რომ Fitch-მა მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე გაზარდა - 5.3%-დან 6.5%-მდე.

სააგენტოს მოლოდინით, 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში დაახლოებით 5%-ს მიაღწევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის პოტენციურ ზრდად არის შეფასებული.

Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და ენერგორესურსებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. სააგენტო ამ დინამიკას, ძირითადად, საინვესტიციო აქტივობისა და ექსპორტის ზრდას უკავშირებს. ამასთან, 2023-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8%-ს აღემატებოდა.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, თავად რეიტინგი კი უცვლელად, BB დონეზე დატოვა.