ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 და 2027 წლებისთვის 0.5-0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
EBRD-ის განახლებული შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზში ზრდა, შესაბამისად, 6% და 5% იყო.
EBRD-ის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, საქართველო და სომხეთი ზრდის ტემპის შენარჩუნებას ახერხებენ. ამასთან, ორივე ქვეყანაში ინფლაცია იზრდება და ცენტრალური ბანკების სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.
სომხეთის შემთხვევაში ინფლაციურ წნეხზე გავლენას, EBRD-ის მიხედვით, რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები ახდენს.
რაც შეეხება საქართველოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებულ რისკებს შორის EBRD ევროკავშირთან ურთიერთობებში არსებულ დაძაბულობასა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შესაძლო გავლენას ენერგომატარებლების ფასებზე ასახელებს.
EBRD-ის პროგნოზით, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა 2026 წელს 2.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი 3.1%-მდე დაჩქარდება.