მიმდინარე წლის ივნისში „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ წევრმა კომპანია „რეფორმერ ფიტნესმა“ პარლამენტის მიერ მეწარმეთა შესახებ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნული, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს.
როგორც რეფორმერ ფიტნესის დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია სარჩელის არსებითან განსახილველად მიღებას ელოდება.
“ამ დროისთვის ველოდებით სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ მიმდინარე წლის ივნისში. კანონის მიხედვით, სასამართლოს აქვს 9 თვიანი ვადა იმისათვის, რათა სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღოს. ამის შემდგომ ჩვენ მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოზე თუ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე წესს, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების დროით ზღვარს.
მე კიდევ ერთხელ განმვეორდები. მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იგი უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად“, - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე