ძალიან ბევრი შეხვედრა იყო, ბევრი მსჯელობა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მსჯელობა გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური ქმედება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე - საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ირაკლი ნემსაძემ იმ აუცილებელ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ უნდა გაატაროს, რათა ქვეყანამ სატრანზიტო ტვირთები არ დაკარგოს.

პირველი, რაზეც ირაკლი ნემსაძე აქცენტს აკეთებს, ინფრასტრუქტურის იმდაგვარად მოწესრიგებაა, რომ ქვეყნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს და მიმზიდველი იყოს სატრანზიტო ტვირთების გადაადგილებისთვის.

„ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტების მაქსიმალურად მოდერნიზება ისე, რომ პუნქტები ეფექტიანად ახორციელებდნენ კონტროლის ღონისძიებებს, მაგრამ ამასთანავე, არ ქმნიდნენ საცობებს და დაბრკოლებებს გამტარ ზონებში. ასევე, ეს არის პოლიტიკური სამუშაო, რომელიც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, როცა მათ პოლიტიკური შეხედულებებით არ მოუნდებათ საქართველოსთვის გვერდის ავლა, ამისი ნიშნები არის სამწუხაროდ და ჩაგვესმა უკვე. გარდა ამისა, საჭიროა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მარტივი პროცედურები, მომიჯნავე დარგების განვითარება, რაც ტვირთების არა მხოლოდ გატარებას, არამედ დამუშავებასაც სჭირდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უბრალოდ შარაგზა, ჩვენ უნდა ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი, სადაც ტვირთები არა მხოლოდ გაედინება, არამედ შესაბამის დამუშავებასაც გადის. ეს შეიძლება იყოს მიღება, შეფუთვა, დამუშავება, გაგზავნა“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე.

ირაკლი ნემსაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს და ჰქონდეს ისეთი გზა, რომლითაც ყველა ისარგებლებს, რასაც ეკონომიკურის გარდა, სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.

„მოგეხსენებათ, გზას, რომლითაც ყველა სარგებლობს, როგორც წესი, არავინ ბომბავს. ამდენად, ეს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

უკლებლივ ყველა მძღოლი აღნიშნავს, რომ ჩვენს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, განსაკუთრებით, კრიტიკულ წერტილებში: ზემო ლარსი, სარფი, აზერბაიჯანის გამშვები პუნქტი, არასაკმარისი კადრების, ან არსებული კადრების არაეფექტური მუშაობის გამო, სამწუხაროდ, ქართული საბაჟოების მხრიდან გვაქვს დაყოვნებები და რიგები. გაუგებარი და სამწუხარო ფაქტია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც იმის ეჭვებსაც აჩენს, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.