ბოლო ორ დღეში ირანში განვითარებულმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე დააყენა. 28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო იერიშის შედეგად თეირანში მოკლეს ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. თავდასხმას, რომელიც ხამენეის სამუშაო კაბინეტზე განხორციელდა, ასევე ემსხვერპლნენ ირანის თავდაცვის მინისტრი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი და ხამენეის ოჯახის წევრები.
ქვეყანაში გამოცხადდა 40-დღიანი გლოვა, ხოლო ხამენეის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა.
BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას ირანთან საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური კავშირების შესახებ.
ირანული ბიზნესი
საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 12 864 ბიზნესია რეგისტრირებული, აქედან 2 143 მოქმედია - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა bm.ge-ს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად იანვარში მოსწერა.
უწყების ცნობით, მხოლოდ 2025 წელს საქართველოში 250 ირანული ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა.
რეგისტრირებული ბიზნესის ძირითადი სექტორები (2015-2025 წლების ჯამური ტენდენცია):
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი: ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სექტორია, სადაც ყველაზე მეტი რეგისტრაცია 2018 წელს (161 სუბიექტი) დაფიქსირდა.
- ტრანსპორტი და დასაწყობება: აქტივობის ზრდა დაიწყო 2019 წლიდან, პიკს კი 2022 წელს მიაღწია (106 სუბიექტი).
- დამმუშავებელი მრეწველობა: სტაბილური მაჩვენებლები ჰქონდა 2017-2018 წლებში (28 და 44 სუბიექტი შესაბამისად).
- მშენებლობა: მაქსიმალური რაოდენობა (50 სუბიექტი) 2018 წელს დარეგისტრირდა.
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება: მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა 2017 წელს (74 სუბიექტი).
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: 2017-2018 წლებში 24-24 სუბიექტი დარეგისტრირდა.
- საქმიანობა უცნობია: აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული სუბიექტების უდიდეს ნაწილს მითითებული აქვს „საქმიანობა უცნობია“. მაგალითად, 2018 წელს ასეთი 2 720 სუბიექტი იყო, ხოლო 2025 წელს დარეგისტრირებული 250 სუბიექტიდან 249-ის საქმიანობა უცნობია.
მოქმედი ბიზნესის ძირითადი სექტორები (2015-2025 წლების ჯამური ტენდენცია):
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი: სტაბილურად ლიდერი სექტორია, სადაც ყველაზე მეტი დღემდე მოქმედი კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა (109 ერთეული).
- ტრანსპორტი და დასაწყობება: ამ სფეროში მოქმედი კომპანიების რეგისტრაციის მკვეთრი ზრდა 2022 წელს ფიქსირდება (61 ერთეული).
- დამმუშავებელი მრეწველობა: პიკი 2018 წელს იყო, როდესაც დარეგისტრირებული კომპანიებიდან დღემდე 31 განაგრძობს მუშაობას.
- მშენებლობა: ყველაზე მეტი მოქმედი სუბიექტი 2018 წელს (35 ერთეული) და 2023 წელს (12 ერთეული) დარეგისტრირდა.
- განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდება: აქტიურობის პიკი 2017 წელს დაფიქსირდა (55 მოქმედი სუბიექტი).
ვაჭრობა
2025 წელს ირანთან სავაჭრო ბრუნვა 290.5 მილიონამდე 9.6%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია და ვაჭრობაში დიდ ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს, ანუ საქართველო იმაზე მეტ საქონელს ყიდულობს ირანში, ვიდრე ყიდის.
ექსპორტი გასულ წელს მცირედით 38.7 მლნ აშშ დოლარამდე 5.1%-ით გაიზარდა.
TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი
- ხე-ტყის მასალა - 8.5 მლნ აშშ დოლარი;
- სიმინდი - 5.6 მლნ აშშ დოლარი;
- მანგანუმის ოქსიდი - 4.9 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 4.4 მლნ აშშ დოლარი;
- ხორბალი - 2.09 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი გასულ წელს 11.6%-ით 251.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ირანიდან შეძენილი საქონლის რეიტინგი ასეთია:
TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 26.2 მლნ აშშ დოლარი;
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 20.08 მლნ აშშ დოლარი;
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 14.7 მლნ აშშ დოლარი;
- ნახშირბადიანი ფოლადის კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები - 14.2 მლნ აშშ დოლარი;
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 13.9 მლნ აშშ დოლარი.
ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.
FDI
ირანიდან საქართველოში პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა. მაქსიმალურ ოდენობას, $8.2 მილიონს კი 2018 წელს მიაღწია. 2024 წელს პირდაპირი ირანული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -$652.3 ათასი იყო. 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით კი საქართველოში $295.3 ათასის FDI შემოვიდა.
ტურიზმი
გასულ წელს საქართველოს ირანის 120 068 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 17.6% კლებაა 2024 წელთან შედარებით.
ფულადი გზავნილები
ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა უმნიშვნელოა. 2023 წელს 233 200 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. 2025 წელს ირანიდან ფულადი გზავნილები არ ფიქსირდებოდა.